მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შენიშნულია საქართველოშიც: ჯანმო დენგეს გადამტანი კოღოების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

© Pixabay / Emphyrio
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. დენგეს ცხელება, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გვხვდებოდა, კვლავ დაბრუნდა ევროპაში, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში.
ჯანმოს ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში დაავადების 3 ათასზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, რომლებიც Aedes-ის სახეობის კოღოებს გადააქვთ.
დენგეს ცხელების გარდა, ამ სახეობის კოღოები არიან ისეთი დაავადებების გადამტანები, როგორებიცაა ზიკას ცხელება, ყვითელი ცხელება და ჩიკუნგუნია.

„ბოლო წლებში დენგეს ცხელების საფრთხე ევროპაში კვლავ გაიზარდა. დენგეს ადგილობრივად გადადების შემთხვევები გამოვლენილია პორტუგალიაში, ხორვატიასა და საფრანგეთში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება კონტინენტური ევროპის ნებისმიერ რაიონში შეიძლება გავრცელდეს, სადაც კი Aedes-ის სახეობის კოღოები (Ae. Aegypti და Ae. Albopictus) ბინადრობენ“, — წერს ჯანმო.

მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისათვის დენგეს გადამტანი Ae. Albopictus ხმელთაშუა ზღვის (ესპანეთიდან საბერძნეთამდე) აუზშია ფეხმოკიდებული, თუმცა ბოლო პერიოდში ეს კოღოები რეგიონის აღმოსავლეთში და ასევე შავი ზღვისპირეთშიც შენიშნეს — საქართველოში, ბულგარეთში, რუსეთის სამხრეთში, რუმინეთსა და თურქეთში. გარდა ამისა, Ae. Albopictus რამდენჯერმე დააფიქსირეს ევროპის ჩრდილოეთ ნაწილშიც.
რაც შეეხება Ae. Aegypti-ს, როგორც ჯანმო წერს, ეს სახეობა, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ფართოდ იყო გავრცელებული სამხრეთ ევროპაში, ახლა უკვე დამკვიდრებულია მადეირასა და შავი ზღვისპირეთში, ხოლო „დამკვიდრებული კოღოების განადგურება ძალიან ძნელია“.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საშიში დაავადებების გადამტანი კოღოების გავრცელებას კლიმატის ცვლილებები, კერძოდ კი ევროპის კონტინენტზე ტემპერატურის მატება, სავაჭრო ურთიერთობები და მოგზაურობები უწყობს ხელს.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს, გაააქტიურონ დენგესთან ბრძოლის ძალისხმევები და აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია კოღოებთან ბრძოლის მეთოდებზე.
წყარო: WHO
ყველა ახალი ამბავი
0