მოსაზრება: ფინეთი ნატოში - ალიანსის ახალი პრობლემები

© Pixabay / Hietapartaფინეთის დროშა
ფინეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი წევრის სახით ფინეთი გაიმეორებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის დესტრუქციულ გამოცდილებას. ის უდავოდ გადაიქცევა ანტირუსულ პლაცდარმად უცხო ჯარების განსათავსებლად და დაკარგავს რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომელიც 78 წელი ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი იყო.
4 აპრილს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი გახდა. ნატომ მიიღო მცირედ დასახლებული ტერიტორია (338.400 კვ.კმ და 5,6 მლნ ადამიანი), მცირერიცხოვანი ფინური არმია (24 ათასი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე) და რუსეთთან თითქმის ორჯერ გაზრდილი საზღვარი (1.271 კმ).
საზღვრისპირა ინფრასტრუქტურა ფინეთის აღმოსავლეთში განვითარებული არ არის. ახალი „რკინის ფარდა“ მოითხოვს უახლოეს ათწლეულში ალიანსის ყველა წევრის მრავალმილიარდიან ხარჯს – ნატოს საერთო სტრუქტურაში ფინეთის არმიის ინტეგრაციისა და „უხილავი“ გამანადგურებლების F-35-ის პროგრამის გაფართოების ჩათვლით.
ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ახალ გამოწვევებზე, ახალი ერის დაწყებაზე მსჯელობისას ხაზგასმით აღნიშნა: „ნატოს წევრობა განამტკიცებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და გვაძლევს სივრცეს მანევრისთვის“.
ადვილი წარმოსადგენია, რა მანევრებზე საუბრობდა ფინეთის პრეზიდენტი – ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა დღეს ვაშინგტონის ინტერესებს ემორჩილება, განწირულია რუსეთთან პროქსი-ომში თანამონაწილეობისთვის და ეკონომიკური დეგრადაციისთვის.
აგრესიული სამხედრო ბლოკის გაფართოება აღმოსავლეთით – დასავლეთის სტრატეგიული და ტრაგიკული შეცდომაა, რომლის საფასურის გადახდაც მათ დიდხანს მოუწევთ.
კრემლმა ფინეთის ალიანსში გაწევრიანება შეაფასა, როგორც რუსეთის უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერესების ხელყოფა, რაც მას ტაქტიკური და სტრატეგიული კონტრზომების მიღებას აიძულებს.
მოსკოვის პრინციპული პოზიცია ალიანსის ახალ და ძველ წევრებს კარგს არაფერს ჰპირდება.

პროვოკაციული ნაბიჯი

დე იურე ნეიტრალური ფინეთი სამი ათწლეული უახლოვდებოდა ნატოს და თანდათანობით ცდილობდა თავისი არმიის ალიანსში „ინსტალირებას“. პრეზიდენტმა ნიინისტემ გუშინ აღნიშნა: „როგორც პარტნიორი, ჩვენ უკვე დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ ნატოს საქმიანობაში. მომავალში ფინეთი წვლილს შეიტანს კოლექტიურ შეკავებასა და ნატოს თავდაცვაში“.
მართლაც, ჯერ კიდევ 2020 წელს ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო კავშირი გააფორმეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ნორვეგიასთან. მანამდე ფინეთის საჯარისო ნაწილები ნატოს ძალთა შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ოპერაციებში ავღანეთის, ბოსნიისა და კოსოვოს ტერიტორიებზე, ხოლო სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფის გეგმა ფინეთის ექს-პრეზიდენტ მარტი აჰტისაარის ეკუთვნის.
პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ფინეთის არმია „მნიშვნელოვნად გააძლიერებს ნატოს“, და, მაინც, ალიანსი მიიღებს არა მხოლოდ ტერიტორიას.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ ფინელებმა საკმაოდ სწრაფად ჩაანაცვლეს გამანადგურებლები МиГ-21 ამერიკული F-18-ით, ხოლო ტანკები Т-55М გერმანული Leopard 2A4 და Leopard 2A6-ით. ფინეთში 2022 წლის მაისში ნატოსთან ერთობლივ წვრთნებზე გამოიყენეს ბრიტანული ტანკები Challenger-2.
2021 წელს დრეიფის დაჩქარების წერტილი გახდა F-35A ტიპის თვითმფრინავების (ისინი ითვლება ბირთვული იარაღის გადატანის ოპტიმალურ საშუალებად და მთელ მსოფლიოში ინტეგრირებულია მონაცემთა გაცვლის ერთიან ქსელში, რომელსაც პენტაგონი აკონტროლებს) მსხვილი პარტიის, 64 ერთეულის შეკვეთა. ამერიკული უხილავი F-35 გამანადგურებელი შორსაა სრული საბრძოლო მზადყოფნისგან, აქვს ასობით კონსტრუქციული პრობლემა და დღემდე არ არის მოწონებული პენტაგონის მიერ მასობრივი წარმოებისთვის, თუმცა ფინეთის ანტირუსულ პოზიციას ეს არ ამართლებს.
ამერიკელები იმედოვნებენ 2023 წლისთვის F-35-ის ტექნიკური პრობლემების მოგვარებას და ტაქტიკური თერმობირთვული იარაღის ძირითად გადამტანად გარდაქმნას. პარალელურად აშშ ცდილობს გააფართოვოს შეთანხმებები ნატოს წევრებთან ბირთვული შეიარაღების ერთობლივი გამოყენების შესახებ. გამოცემა The Diplomat აღნიშნავს, რომ ეს გამოიწვევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბირთვული იარაღის განთავსებას, ხოლო ფინეთში ბაზირებული F-35 გამანადგურებლები შეძლებენ რუსეთისთვის ღრმა დარტყმის მიყენებას.
აღსანიშნავია, რომ სანქტ-პეტერბურგიდან ფინეთის საზღვრამდე 151 კმ, ანუ უხილავი F-35-სთვის 10 წუთის საფრენი მანძილია.
დანიის თავდაცვის მინისტრი მორტენ ბედსკოვი მიიჩნევს, რომ ფინეთის წევრობა „ნატოს ჩრდილოეთისკენ წასწევს“, ბალტიის რეგიონზე აქცენტით, და ის ელოდება „დიდ აქტივობას აღმოსავლეთისკენ“.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ეირიკ კრისტოფერსენმა ამას წინათ განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატოში „ბევრ შესაძლებლობას ხსნის“, მათ შორის, ბაზირების ახალ მეთოდებს – ანტარქტიდაში ან ბალტიკაში ომის შემთხვევაში.
ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური როლფ ფოლანდი უკვე ფიქრობს ახალი „საჰაერო ოპერაციების ჩრდილოეთის ცენტრის“ შექმნაზე რეგიონული მისიების სამართავად. ნორვეგია 2025 წლისთვის გეგმავს 52 გამანადგურებელი F-35-ის განთავსებას, რომლებიც მნიშვნელოვან დამატებით ზეწოლას განახორციელებენ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებზე“.
გამოცემა Breaking Defense ასკვნის: „ჰელსინკის მოუწევს ბევრის გაგება ალიანსის პოლიტიკის შესახებ. ერთ-ერთი თემა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, არის ბირთვული პოლიტიკა“. და ფინეთმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს „ნატოს სტრატეგიული პოზიციის მოდერნიზებაში“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს ბირთვული იარაღის განთავსებას მტრულად განწყობილ მეზობლებთან. ეს მოსკოვის პრინციპული პოზიციაა.
ფინეთის მთავრობა სავსებით შეგნებულად მიდის ესკალაციის კურსით. ბევრი ფინელი პოლიტიკოსი იზიარებს საზოგადოება ProKarelia-ს შეხედულებებს, რომელიც ითხოვს ფინეთისთვის ვიბორგისა და კარელიის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნებას.
კოლექტიური დასავლეთი ღიად საუბრობს რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ ამოცანაზე და ნატოს ყველა წევრი იზიარებს პასუხისმგებლობას სამხედრო კონფლიქტში თანამონაწილეობაზე, რომლის დასასრულიც, დიდი ალბათობით, ბირთვული იქნება.
ნათელია, რომ რუსეთის მეზობლები არ ითვალისწინებენ არც კეთილმეზობლობიდან ესკალაციისკენ დრეიფის პოლონურ გამოცდილებას, არც უკრაინის გაკვეთილს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრობლემები აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ ახლა იწყება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0