სია შეიძლება გაფართოვდეს - ოპოზიციის რეაქცია მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე

© High Council of Justice of Georgiaიუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიესალმებიან ქართველ მოსამართლეებზე სავიზო სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას და არ გამორიცხავენ სიის გაფართოებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში“.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო.
„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
კობახიძე: მოსამართლეების მიმართ აშშ-ის სანქციების დაწესების უკან კორუფციული პროცესებია>>>
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პროცესი დაიწყო და ეს არის პოლიტიკური გზავნილი იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს.
„ეს გზავნილი არის თქვენთვის, შემდეგ რიგში ხართ თქვენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საქართველოს ექს-პრემიერმა და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას... ახლა მთავარია, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ევროპული მომავალი“, – დაწერა გახარიამ „ტვიტერზე“.
აშშ-ის ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი ნდობის მანდატი, ნათქვამია ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაში.
„საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც გააგრძელა ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მურუსიძე მისთვის სანქციების დაწესებაზე: ამერიკას ჩვენი სასამართლოს დაქვემდებარება სურს>>>
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ იმ პირთა სია, რომლებიც შეიძლება სანქციების ქვეშ მოყვნენ, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
„ჯერ ერთი, „ქართული ოცნების“ გემი იძირება. და მეორეც, ეს ოთხი მოსამართლე მხოლოდ დასაწყისი და სიგნალია ყველა სხვა მოსამართლისთვის, რომ სია შეიძლება გაფართოვდეს. და მე მათ პირდაპირ ვეუბნები, ნუ გაჰყვებიან ჩაძირულ გემს“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულების მიზეზებს, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სანდო ინფორმაციის საფუძველზე – რომ აღნიშნული მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები, და მათ მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებისთვის სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესებია.
სანქცირებული მოსამართლეები
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს სავიზო სანქციებს უწესებს>>>
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ მუშაობა სასამართლო სისტემაში დაიწყეს. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.
ყველა ახალი ამბავი
0