რა საფრთხეს შეიცავს საქართველოს ეკონომიკისთვის დოლარის ვარდნა - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
ლარი 2,5 GEL/$1 ნიშნულზე დაბლა არ გამყარდება, რადგან ეს ქართულ საქონელს ექსპორტის შემთხვევაში არაკონკურენტულს გახდის, მიაჩნია ექსპერტს.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ზედმეტად გამყარებული ეროვნული ვალუტის კურსი ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მომტანია, მათ შორის ქართული კომპანიების საექსპორტო შემოსავლების შემცირების რისკის გამო, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 აპრილს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5517 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. დოლარი 2,6 GEL/$1-ზე დაბალ დონეზე ბოლოს 2018 წლის 11 სექტემბერს იყო. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა 4,1%-ით გამყარდა.

„ძალიან გამყარებული ლარი ეკონომიკისთვის იმ თვალსაზრისით არის გამოწვევა, რომ ამუხრუჭებს ექსპორტს. ლარის გამყარების პირობებში ექსპორტიორებისთვის საქონელი ძვირდება. როდესაც ჩვენი საქონელი ექსპორტზე გადის, ის წყვეტს კონკურენტუნარიანობას", – განმარტა შენგელიამ.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ლარი 2,5 GEL/$1-ზე ქვემოთ არ გამყარდება, რადგან ეს ქართულ საქონელს ექსპორტისთვის არაკონკურენტუნარიანს გახდის და ეროვნული ბანკი, რომელსაც ეს ესმის, ამას არ დაუშვებს.
შენგელიას თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანზაქციებია: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფულადი გზავნილები 4-5-ჯერ გაიზარდა.
ლარი მყარდება - ექსპერტის პროგნოზი>>
„ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, პირველ რიგში, ტრანზაქციები იზრდებოდა ჩვენი მიგრანტების ხარჯზე, რომელთა შრომაზეც ჩამოეკიდა საქართველოს ეკონომიკა და ვალუტის გაცვლითი კურსიც. ამას დაემატა ხალხის ნაკადი რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებმაც გახსნეს გარკვეული ბიზნესი საქართველოში“, – განაცხადა შენგელიამ.
ექსპერტის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში 110.000-მდე ანგარიში აქვთ გახსნილი, ხოლო ქვეყანაში 20.000-მდე კომპანია რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის, რომელთა 95% ინდმეწარმეა.

„ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საქართველოში არა ტურისტების რანგში, არამედ ძირითადად საცხოვრებლად ჩამოვიდნენ და დიდი თანხები ირიცხება, უმეტესწილად რუსეთიდან. ვალუტის ასეთი მოცულობით შემოდინებამ და ლარზე მოთხოვნამ გამოიწვია ლარის გამყარება", – განაცხადა ექსპერტმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 132%-ით გაიზარდა და 817,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით ლიდერია რუსეთი, საიდანაც შემოვიდა დაახლოებით 455 მილიონი აშშ დოლარი. რაც ელექტრონული გადარიცხვების სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში მთლიანი ფულადი გზავნილების 55,7%-ს შეადგენს.
შენგელია მიიჩნევს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ტენდენცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაცია.
ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა: ეროვნული ბანკის მონაცემები>>
თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგაც, გრძელვადიან პერსპექტივაში ფულადი გზავნილების მოცულობა დიდად არ შეიცვლება, რადგან საქართველოში ჩამოსული ადამიანები, რომლებმაც კომპანიები გახსნეს, უკვე მოშინაურდნენ ქვეყანაში.
შენგელიას თქმით, ის ლარის გაუფასურებას არც საშუალოვადიან პერსპექტივაში და არც წლის განმავლობაში არ ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0