საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვას ეწვია

© photo: Sputnik / Alexey Filippovვილნიუსი
ვილნიუსი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2023
გამოწერა
საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით – ლიეტუვის პრეზიდენტი>>>
ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.
საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.
ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0