წინასწარ მიტევებული ცხრა დანაშაული, ანუ ამბავი დავით-ულუს გაქნილი ვეზირისა

© Pixabay / PublicDomainPicturesწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
მეცამეტე საუკუნის შუა წლებში მონღოლ დამპყრობლებთან დაახლოებულმა არაერთმა მედროვემ მოახერხა აღზევება და საქართველოს მეფის კარზე დიდი გავლენის მოპოვება. მეფე იძულებული იყო შეესრულებინა მონღოლ ყაენთა კაპრიზები და დაეწინაურებინა უგვარო, მაგრამ მათთან დაახლოებული მოხელეები.

ასეთთა შორის გამორჩეული იყო სადუნ მანკაბერდელი — ძე შერბაროქისა, ავაგ მხარგრძელის ყმადყოფილი, რომელიც პიროვნული თვისებებით ბევრად აღემატებოდა სამეფო კარზე აღზევებულ სხვა ავანტიურისტებს.

როგორც მემატიანე წერს, სადუნი იყო:

„კაცი ბრძენი და გონიერი და კეთილის განმძრახავი და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი რჩეული საჩინო და მოისარი ხელოვანი“.

სადუნს, სხვებისგან განსხვავებით, არც ჭკუა-გონება აკლდა და არც ვაჟკაცობა თუ ძალ-გულოვნება, თუმცა მისი მთავარი ღირსება მჭევრმეტყველება და ენამზეობა იყო, რამაც ხელი შეუწყო მის ესოდენ განდიდებას.

დაზუსტებით არავინ იცის, რა ეროვნებისა იყო სადუნი. ვახუშტი ბატონიშვილი მას ქართველად მიიჩნევს და სახელსაც გვამცნობს — კახაბერი ერქვაო. მაგრამ წყაროების შეჯერების შედეგად დგინდება, რომ მანკაბერდელი სომხურ სარწმუნოებაზე გადასული ქურთი იყო.

ის ერთგულად ემსახურებოდა ავაგ ათაბაგს. 1250 წელს ავაგის გარდაცვალების შემდეგ მეფე დავით ულუმ ცოლად მისი ქვრივი, რაჭის ერისთავის ასული გვანცა შეირთო, და მსახურმა სადუნმაც სასახლეში გადაინაცვლა.
„ენაკეთილმა და სიტყვათა მარჯუე“ სადუნმა იცოდა სპარსული, სომხური, ქართული და მონღოლური ენები. ამის გამო მეფეს ხშირად უწევდა თარჯიმნობას და ხელმწიფისთვის „საჭირო კაციც“ შეიქნა. მანკაბერდელმა გამოიყენა თავისი მდგომარეობა და საკმაოდ დაუახლოვდა მონღოლთა ელიტას. უფრო მეტიც, მათი ნდობაც კი დაიმსახურა.

ფერისცვალების საოცარი ნიჭი ჰქონდა ყმადყოფილს: მონღოლთან მონღოლი იყო, სომეხთან — სომეხი, ქართველთან — ქართველი. თუმცა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მანკაბერდელის მონღოლებთან დაახლოება უკავშირდება არა მის ენამზეობას, არამედ მის ფიზიკურ ძალა-შეძლებას.

1251 წელს მონღოლთა დიდი ყაენის ტახტზე ჩინგიზ-ხანის შვილიშვილი მანგუ ყაენი ავიდა. იმ დროს ამიერკავკასია მის ძმას, ილხანთა ყაენ ჰულაგუს ემორჩილებოდა. გადმოცემის თანახმად, მანგუ ყაენმა ძმას ღატაკის ტანსაცმლით მოსილი, შესახედად საშინელი, მაღალი, მხარბეჭიანი, კამეჩივით კისრისა და დათვივით დიდრონი ხელების მქონე გოლიათი გაუგზავნა და მისი ხელით წერილი და ძვირფასი სამოსი აახლა.
ყაენი ძმას სწერდა, თუ შენთან ისეთი მოჭიდავე მოიძებნება, რომელიც ჩემს ფალავანს დაამარცხებს, უბოძე მას ეს ძვირფასი სამოსი, ხოლო თუ ჩემი მებრძოლი ყველა შენს ფალავანს სძლევს, მაშინ ჩააცვი ეს სამოსი მას და პატივით გამოგზავნე ჩემთან დიდი ელჩის თანხლებითო.

ჰულაგუმ სარდლებს უხმო სათათბიროდ, ჰკითხა, თუ გეგულებათ ვინმე ისეთი მოჭიდავე მონღოლთა, სომეხთა და ქართველთა შორის, რომელიც მანგუს ფალავანს დაამარცხებსო.

ეძებეს მონღოლთა შორის ასეთი კაცი, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშინ სომეხმა და ქართველმა დიდებულებმა თქვეს, ჩვენ ვიცნობთ ერთ კაცს, რომელმაც შეიძლება მანგუს ფალავანი დაამარცხოსო. ილხანმა მისი სასწრაფოდ მიყვანა ბრძანა და მალევე აახლეს კიდეც.
ეს სადუნ მანკაბერდელი იყო — მაღალი, კარგად აღნაგი, ჭაბუკობიდან უჩვეულო ძალით გამორჩეული, ორთაბრძოლებში გამოცდილი და დახელოვნებული, თუმცა ყაენის წინაშე არასდროს ეჭიდავა.
ყაენს ძალიან მოეწონა ტანმაღალი და კუნთმაგარი მანკაბერდელი. ბრძანა, ორივე ფალავანი დაებინავებინათ, თითო ცხვარი და თითო ტიკი ღვინო მიერთმიათ ყოველდღე, ვიდრე ერთმანეთს შეერკინებოდნენ.
ჭიდაობა ცხრა დღის შემდეგ გაიმართა სადუნსა და მანგუს ფალავანს შორის. სამ საათზე დაწყებული ბრძოლა თითქმის ექვს საათამდე გაგრძელდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ახერხებდა მოწინააღმდეგის დამარცხებას. მაშინ სადუნმა ღმერთი ახსენა და მოულოდნელი ილეთით დააგდო გოლიათი ნასიამოვნები ჰულაგუ ყაენის წინ. სწორედ ამ გამარჯვების გამო ებოძა მანკაბერდელს ის პატივი, რომლის მსგავსიც არავის ღირსებია საქართველოში მონღოლთა ბატონობის პერიოდში.
უფრო მეტიც: ჰულაგუმ ბრძანა, დაემზადებინათ სადუნისთვის სიგელი, ანუ იარლიყი, რომლითაც წინასწარ მიეტევებოდა ცხრა დანაშაული...
მერმე ის იყო, 1260 წელს დავით ულუ აუჯანყდა ჰულაგუს, მაგრამ დამარცხდა. განრისხებულმა ყაენმა ულუსში იხმო ქართველთა მეფე პასუხის მოსათხოვად. ყველას ეგონა, სიკვდილით დასჯიდა მონღოლთა მბრძანებელი მას, მაგრამ...

დავით მეშვიდეს ხისტი საუბარი სჩვეოდა, თანაც ენას უკიდებდა. მაგრამ „ენამძიმე“ მეფის თქმულს მჭევრმეტყველი, „ენაკეთილი და სიტყვამარჯუე“ მანკაბერდელი ალამაზებდა, ავრცობდა და ყაენს მისთვის სასურველ კონტექსტში უთარგმნიდა მონღოლურად.

და ყაენმა არა მარტო შეიწყალა აჯანყებული დავით ულუ და სარგის ჯაყელი, არამედ სამფლობელოებიც უკან დაუბრუნა და პატივით გამოუშვა საქართველოში.
დავით მეშვიდემაც დაუფასა სადუნს გაწეული სამსახური და ეჯიბად დააწინაურა.
ასე საიწყო სადუნ მანკაბერდელის აღზევება, რომელიც უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იკრებდა, ქონებას აგროვებდა, პარალელურად კი ცდილობდა ქვეყანაში მონღოლთა თავაშვებულობა შეენელებინა.

დავით-ულუს გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილი უფლისწული თავისთან იხმო აბაღა ყაენმა, როგორც ეს მაშინდელი წესი იყო, და საქართველოს მეფედ დაამტკიცა. მეურვე-მეთვალყურედ კი სადუნ მანკაბერდელი მიუჩინა, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მასვე მიენდო საქართველოს ლაშქრობის საქმის განგება.

და სადუნ მანკაბერდელი „განდიდებულ იქმნა უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა“.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. სადუნი მეფესაც დაუმოყვრდა – მისი და თამარი შეირთო ცოლად.

ეს კი ასე მოხდა: მონღოლთა გადაწყვეტილებით, თამარი გავლენიანი ნოინის შვილისთვის უნდა მიეთხოვებინათ. სასახლის კარზე არ გახარებიათ ეს მბავი, მაგრამ მეფეს არ შეეძლო წინააღმდეგ წასვლა და იძულებული გახდა, საყვარელი დის გადასაკარგავში გაგზავნას შეგუებოდა. მაგრამ საქმეში სადუნი ჩაერია და ყაენთან ისე მოაგვარა საქმე, რომ თამარი მესამე ცოლად შეირთო და საქართველოში დატოვა.

მეფე დემეტრე II დიდხანს იყო „ხელთა შინა სადუნისათა“, რომელზეც ფინანსურად დამოკიდებულიც აღმოჩნდა საბოლოოდ.

სახელმწიფო ხაზინა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მონღოლთა გადასახადებს შეეწირა ყველაფერი. მანკაბერდელს კი მრავლად ჰქონდა სახსარი და მეფეც მისგან სარგებლობდა სესხით. მაგრამ ეგაა, ვალს ვერ უბრუნებდა და სესხის სანაცვლოდ ქართულ ქალაქებს ჩუქნიდა მანკაბერდელს სამფლობელოდ. ასე ჩაიგდო ხელში სადუნმა თელავი, ბელაქანი, დმანისი, კარი (ყარსი) და სხვა მრავალი ადგილი თუ მამული.
ასე მოხდა მაშინაც, როდესაც გაქნილმა ვეზირმა დემეტრე მეორეს მეტეხის ტაძრის ასაგებად მისცა სესხი, ხოლო მეფემ სანაცვლოდაც მრავალი სოფელი და ადგილ-მამული უბოძა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, სადუნ მანკაბერდილის მოღვაწეობა რაღაც დოზით პოზიტიური შედეგის მომტანიც იყო. როგორც ჟამთააღმწერელი წერს, სწორედ სადუნის დიპლომატიური კავშირების წყალობა იყო, რომ ერთხანს სიმშვიდემ დაისადგურა საქართველოში — არც დიდი ყაენი ერჩოდა ჩვენს ქვეყანას და არც ილხანთა მბრძანებელი... და „ესრეთ აღშენდა საქართველო“.
ყველა ახალი ამბავი
0