სისხლით გამაძღარი მახვილები, ანუ ამბავი თბილისის დაცემა-გაპარტახებისა

© Pixabay / Atlantiosქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
VII საუკუნის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთს ჰქონდა დაპყრობილი, თბილისი მაინც ძალიან მდიდარი ქალაქი ყოფილა. მისი სიმდიდრე მოსვენებას უკარგავდა ბიზანტიასა და ხაზარებს.
ბიზანტიას იმ დროს ენერგიული და დაუნდობელი ჰერაკლე კეისარი მართავდა, რომლის მთავარ მიზანს ირანელთა მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება და ბიზანტიის შელახული პრესტიჟის აღდგენა წარმოადგენდა.
საქმე ისაა, რომ 614 წელს სპარსელებმა იერუსალიმი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. სპარსეთმა ბიზანტიას წაართვა სირია, პალესტინა და ეგვიპტე. უფრო მეტიც, შაჰმა ხოსრო II-მ გაიტაცა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ევნო.
კონსტანტინოპოლის სამეფო კარი, რა თქმა უნდა, ამ მარცხს ვერ ურიგდებოდა და ბრძოლისთვის მზადებას შეუდგა ირანელებისათვის ამიერკავკასიაში მთავარი დარტყმის მისაყენებლად და იქიდან გასაყრელად.
იბერიაში შემოჭრამდე კეისარმა ჰერაკლემ ეგრისელებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ ამ ლაშქრობაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეგრისში იმ დროს მეფობა გაუქმებული იყო და ის ბიზანტიას ემორჩილებოდა, ეგრისელებმა სასტიკი უარი განუცხადეს კეისარს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აბაზგები, რომელთა დათანხმებაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჰერაკლემ ვერ შეძლო.
ამის პარალელურად კონსტანტინოპოლის სამეფო კარმა ქალაქ სემენდერშიც (დღევანდელი დაღესტანი) მიავლინა დესპანი და ხაზართა ხაკან ჯიბღუს მოკავშირეობა შესთავაზა.
ხაზარები ნუშუბის თურქული ტომის შთამომავლები იყვნენ და ეს სახელი მათივე ბელადის, ხაზარიგის გამო ეწოდათ. ხაზარები, რომლებმაც უძლიერესი სახელმწიფო შექმნეს, განთქმული იყვნენ სისასტიკით და დიდი სიძულვილიც დათესეს მაშინდელ სამყაროში.
ჰერაკლემ და ჯიბღუმ „ანტიირანული კოალიცია“ შეკრეს, და ვინაიდან იბერია ირანულ სატრაპიას წარმოადგენდა, ისიც ჩათრეული აღმოჩნდა სხვათა ომში.
626 წელს ჰერაკლე კეისარი საქართველოსკენ დაიძრა. ხაზართა ხაკანმაც არ დააყოვნა და თავისი ურდოებით შემოიჭრა ამიერკავკასიაში. ცეცხლითა და მახვილით გაირა დარუბანდი, ალბანეთის მიწა-წყალი და თბილისს მოადგა.
ხაზარებმა და ბიზანტიელებმა მთელი ძალებით შეუტიეს ქალაქს. გასაოცარი სიმამაცით იბრძოდნენ ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი, სპარსელი სარდლები ვარსამუსე, შარაპაგი და მათი ქართულ-სპარსული გარნიზონი, მაგრამ მტერმა იძალა და თბილისის კარი შელეწა. ქალაქის დამცველებმა კალა-ციხეს (ნარიყალა) შეაფარეს თავი და იქიდან განაგრძნობდნენ წინააღმდეგობის გაწევას.
ვერაფერი დააკლო მტერმა კალა-ციხეს. გული მიეცათ ქალაქის დამცველებს და დაცინვა დაუწყეს დამპყრობლებს. დიდი გოგრა გამოიტანეს, ზედ თვალები, ცხვირი და ტუჩები მიახატეს, მერე ციხის კარიბჭიდან დააგორეს და ხაზარებს ჩასძახეს, ეგ არის თქვენი ჯიბღუ ხაკანი და თაყვანი ეცითო.
ქალაქის დამცველებს არც ჰერაკლე კეისარი დავიწყებიათ, მასაც უშვერი სიტყვებით ამკობდნენ, ბილწსა და მამათმავალს, თხისწვერასა და ვაციბოტს ეძახდნენ.
რისხვამ აიტანა მტერი. და რადგან კალა-ციხეს ვერაფერი დააკლო, თბილისში დააყენა სისხლის მდინარეები, მთლად გააპარტახა ქალაქი და მისი შემოგარენი.
ჰერაკლე კეისარმა მუსრი გაავლო მწვალებლებსა და ცეცხლთაყვანისმცემლებს.
„ამან ჰერაკლე ტფილისს და მცხეთას და უჟარმას განავლინნა ქადაგნი, რათა ყოველნი ქრისტიანენი, ქალაქთა შინა, ეკლესიათა შინა შემოკრბენ და ყოველნი მოგვნი და ცეცხლისა მსახურნი ანუ მოინათლნენ ანუ მოისრნენ. ხოლო მათ ნათლისღებაი არა ინებეს. ზაკვით თანა აღერინეს ქრისტეანეთა, ვიდრემდის ყოველთა ზედა წარჰმართა მახვილი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს“.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
„მოქცევაი ქართლისაი“
კალა-ციხის რამდენიმეთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ჰერაკლე კეისარი უკან გაბრუნდა ბიზანტიაში. ჯიბღუ ხაკანმაც ხაზარეთს მიაშურა გამოსაზამთრებლად, ისევ ცეცხლითა და მახვილით გაიარა საქართველოს მთიანეთი, დარიალის ხეობა და ჩვენს ქვეყანას გაეცალა.
მაგრამ ორი წლის შემდეგ, 628 წელს ხაზარებმა ახალი ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოში. ხაზართა უფლისწულ შადეს სამიზნეც თბილისი იყო. მასაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქალაქმა, მაგრამ როდესაც „ძველ, მხნე კაცთაგან ქალაქს შიგნით აღარავინ დარჩა“, თბილისი დაეცა.
ქალაქი მთლიანად გაიძარცვა, ხოლო მოსახლეობა გაიჟლიტა. ხაზარებმა სულიერი აღარავინ დატოვეს, დიდსაც და პატარასაც ერთიანად გაავლეს მუსრი.

მემატიანის თქმით:

„როდესაც შეწყდა ხმა ტირილისა და ვაებისა და აღარავინ გადარჩა ცოცხალი, მაშინ მათაც გაიგეს, რომ სისხლით დაძღნენ მათი მახვილნიც“.

ხაზარებმა უთვალავი სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში, რაზეც იმ ეპოქის ისტორიკოსი
მოვსეს კალანკატვაცი წერს:
„მათ ხელი მიჰყვეს საგანძურებს. მეომართა მთელი სიმრავლე მიდიოდა თავის ბატონთან მძიმედ დატვირთული და თან მიჰქონდა ნადავლის ზვინები და ხვავები. იმდენი მოჰყარეს იგი, რომ თვალს წყალი ელეოდა ოქროსა და ვერცხლის ქანქრების უთვალავი რაოდენობის ცქერაში. ენით უთქმელია თვალ-მარგალიტით მოოჭვილი საეკლესიო სამკაულ-სამსახურებელის ამბავი, რომელიც ხაზარებმა წაიღეს... შემდეგშიაც, ალბანელი აზნაურები ხედავდნენ ხაზარების ნადიმებზე თბილისიდან წაღებულს ძვირფასს, მოოქროვილს ვერცხლის თასებსა და სხვაგვარ სასმისებს“.
და სანამ ხაზარები ამიერკავკასიას აოხრებდნენ და იქიდან სპარსელებს ერეკებოდნენ, 627 წლის 12 დეკემბერს ასურეთის ყოფილი დედაქალაქის ნინევიის ნანგრევებთან ჰერაკლე კეისარმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ირანელებს. ამის შემდეგ ბიზანტიელები ირანის სიღრმეში შეიჭრნენ და სპარსეთის შაჰ კავად II-ს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ დამარცხება ეღიარებინა და მიტაცებული სირია-პალესტინა და ეგვიპტე ისევ ბიზანტიისთვის დაებრუნებინა.
ირანმა ასევე დათმო მესოპოტამიის (დღევანდელი ერაყი) დიდი ნაწილი, იბერია და ალბანეთი.
ჰერაკლემ, გარდა იმისა, რომ ირანელთა მიერ გატაცებული ის ჯვარი მოიძია, რომელზეც მაცხოვარი ევნო, ამ ქმედების სამაგიერო მიუზღო მათ: ძველ სპარსელთა რელიგიის, ზორიასტრიზმის დამაარსებლის ზარათუშტრას დაბადების ადგილზე დანთებული მარადიული ცეცხლი ჩააქრო, ხოლო მაცხოვრის ვნების ჯვარი დიდი ზარზეიმით დააბრუნა იერუსალიმში.
ყველა ახალი ამბავი
0