ელჩი: სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა ნორვეგიის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს

© Pixabay / skoddeheimenნორვეგიის დროშა
ნორვეგიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხზე საგარეო უწყებაში ნორვეგიის ელჩს შეხვდნენ.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა.

„ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი", – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს პოზიციით, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
ნორვეგიის სამეფოს ელჩის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები.
გასულ კვირაში სააკაშვილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებლის სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიით დააჯილდოვეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ოსლოში გაიმართა, ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი დაესწრნენ.
თბილისში ნორვეგიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს>>
დღეს ნორვეგიის საელჩოსთან, თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაპატიმრებული კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ძმა - თორნიკე მოლაშვილი. საპროტესტო აქციის მონაწილეების აზრით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები და ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურაა", დაუშვებელია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა. მან ექს-პრეზიდენტი ნორვეგიელ ტერორისტს ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომლის ტერაქტის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა.
ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ჰელენ სანდ ანდერსენის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ნორვეგიის საელჩო მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მასმედიით არ გაეცნენ. „დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", – განაცხადა ელჩმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
პრემიერმა სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0