Club of Rome: დედამიწის მოსახლეობის პიკი 2050 წელს დადგება

© AP Photo / Michael Probst
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
გამოწერა
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თუ განვითარების მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება, მსოფლიოს მოსახლეობამ 2050 წელს შეიძლება 8,6 მილიარდ კაცს მიაღწიოს, ხოლო 2100 წლისთვის 7 მილიარდს ჩამოსცდეს, წერს ბრიტანული ჟურნალი New Scientist.
გამოცემა ეყრდნობა პროექტ Earth4All-ის მონაცემებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია Club of Rome-ის ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა იმის შესასწავლად, თუ რომელი პოლიტიკა იქნება უფრო სასარგებლო პლანეტის მოსახლეობის უმეტესობისთვის.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, თუ ქვეყნების ხელისუფლებები სიღარიბის შემცირებაში ჩადებენ ინვესტიციებს, 8,5 მილიარდიან პიკს 2040 წლისთვის გავივლით, მერე კი მოსახლეობის რაოდენობა დაიკლებს და საუკუნის ბოლოსთვის 6 მილიარდამდე დაეცემა.
მათი განმარტებით, შობადობის ყველაზე მაღალი დონეები სწორედ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფიქსირდება.

„ჩვენ ვიცით, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სწრაფი ეკონომიკური განვითარება უზარმაზარ გავლენას ახდეს შობადობის დონეზე. შობადობა მცირდება, როდესაც გოგონებს განათლებაზე მიუწვდებათ ხელი, ხოლო ქალები ეკონომიკურ მხარდაჭერას და კარგ სამედიცინო მომსახურებას იღებენ“, — განმარტა პროექტ Earth4All-ის ხელმძღვანელმა პერ ესპენ სტოკნესმა.

აღსანიშნავია, რომ Club of Rome-ის პროგნოზი 2100 წელს პლანეტის მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობასთან დაკავშირებით 2-3 მილიარდით ნაკლებია გაეროს პროგნოზზე.
2022 წლის ზაფხულში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა, რომელმაც უკვე გადააბიჯა 8-მილიარდიან ნიშნულს, 2080 წლისთვის 10,8 მილიარდ კაცს მიაღწევს.
წყარო: New Scientist
ყველა ახალი ამბავი
0