აფსუური პარადოქსი: ამბავი აფხაზეთის მეფე ლეონ II-ისა და მისი სახელობის ორდენისა

CC BY-SA 2.5 / Wikipedia / ბზიფის ტაძრის ნანგრევები, 2006 წელი
ბზიფის ტაძრის ნანგრევები, 2006 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
გასული საუკუნის 90-იან წლებში სეპარატისტული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ბრძანებით დაწესდა აფხაზეთის მეფე ლეონ II-ის სახელობის ორდენი, რომელიც ქართველთა ეთნოწმენდაში თავგამოჩენილ პირებს ენიჭებოდათ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ერთიანი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაძირკვლის სახელობის ორდენს ანიჭებდნენ მათ, ვისაც ქართველთა სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი!
დიახ, ლეონ მეორე იყო ქართველთა მეფე, რომელმაც ბიზანტიელთა და არაბთა მარწუხებიდან გამოიხსნა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, შექმნა აფხაზეთის ძლიერი სამეფო, რომელზეც დაშენდა კიდეც დავით აღმაშენებლისა და თამარის ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმული საქართველო.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მეფეთა (ანოსიდების საგვარეულო) წარმომავლობის თაობაზე, რომლებიც VIII-X საუკუნეებში მართავდნენ აფხაზეთს, ერთიანი აზრი არ არსებობს, ფაქტი ფაქტად რჩება: თავად სამეფო იყო ქართული! ამაზე იმ ეპოქაში აგებული ეკლესია-მონატრები და მათზე არსებული ქართული წარწერებიც მეტყველებს.

მაგალითისთვის პარალელს ბაგრატიონთა საგვარეულოსთან გავავლებთ, რომლებიც თავს ისრაელის მეფე დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიიჩნევდნენ, მაგრამ იყვნენ ქართველები, იღვწოდნენ საქართველოსთვის და მოკვდნენ საქართველოსთვის. იგივე ითქმის ანოსიდებზეც.
მიუხედავად მათი დღემდე დაუდგენელი წარმომავლობისა, ისინი პოლიტიკური მრწამსით, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, ენითა თუ კულტურით ქართველები იყვნენ. შესაბამისად, აფხაზეთის სამეფო პოლიტიკურად და კულტურულად ქართული ქვეყანა იყო, სადაც ქართულ ენაზე იქმნებოდა სახელმწიფო დოკუმენტები, აღესრულებოდა წირვა-ლოცვა, ქართული იყო მწიგნობრობა და ეპიგრაფიკა.
აფხაზთა ქართულ იდენტობაში ეჭვი არც უცხოელ მემატიანეებს ეპარებათ. მაგალითად, XIV საკუნემდე შექმნილ რუსულ „ლეტოპისებში“ ქართველები ობეზებად (ანუ აფხაზებად) არიან მოხსენიებული, ხოლო ქართველთა მეფეები „ობეზთა მეფეებად“ იწოდებიან.
VII-VIII საუკუნეებში ეგრისი დასუსტდა და გაძლიერდა აბაზგიის სამთავრო, რომელშიც გაერთიანდნენ აბაზგები, აფშილები, სანიგები, მისიმიელები. ამ ტომთა ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზებს უწოდებენ, ხოლო აბაზგიის მთავარს — აფხაზთა მთავარს, ან აფხაზთა ერისთავს. VIII საუკუნეში სწორედ ზემოხსენებული აფხაზი მთავრები გახდნენ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორები დასავლეთ საქართველოში.
იმ დროს არაბებმა ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება დიდად შეავიწროვეს, რომელთა გავლენა მხოლოდ ეგრისის სამეფოზე ვრცელდებოდა. და მათაც აფხაზეთის მთავრებთან შეთანხმებით იწყეს მოქმედება.

ჯუანშერის ცნობით, იმ პერიოდში ქართლის ერისმთავართა სახლს მამაკაცი მემკვიდრე არ ჰყავდა. ერისმთავარმა არჩილმა გარდაცვლილი ძმის, მირის ასული გურანდუხტი შერთო ცოლად თავის ვასალს, აფხაზთა მთავარ ლეონ I-ს და მას ბიზანტიის იმპერატორის მიერ მირისთვის გამოგზავნილი გვირგვინი გადასცა. ეს სიმბოლურადაც და რეალურადაც ეგრის-აფხაზეთის სამეფოთა გაერთიანებას ნიშნავდა, რომელიც ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე გადაიჭიმა.
იმ ეტაპზე ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას მხარს უჭერდა ბიზანტიის იმპერიაც, რადგან აფხაზთა ძლიერი სამთავრო არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ მებრძოლ რეალურ ძალად ესახებოდა.

ლეონ II-მ, რომელიც ძმისშვილად ერგებოდა ლეონ პირველს და აფხაზეთის მთავარი იყო, ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით (რომლის ვასალიც იყო), დაიხმარა საკუთარი პაპა დედის მხრიდან — ხაზართა ხაკანი და სამეფო ბიზანტიის ვასალობისგან გაათავისუფლა. სწორედ მან გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო ლიხის მთამდე და მიიღო მეფის ტიტული.
როგორც „მატიანე ქართლისაი“ წერს:

„რაჟამს მიუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომელს მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, იპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე“.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ლეონ მეორემ აფხაზეთის სამეფო რვა საერისთავოდ დაჰყო: აფხაზეთის, ცხუმის, ეგრისის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ვაკე იმერეთისა და არგვეთისა. ხოლო დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

ლეონ მეორემ მოახერხა ერთ მუჭად შეეკრა ჩრდილოეთი კავკასიის მოუსვენარი ტომების გაუხარჯავი ენერგია და თავის სამსახურში ჩაეყენებინა. მის წინაშე სამი პრობლემა იდგა:
ბიზანტიის მარწუხებისგან თავის დახსნა;
არაბების განდევნა დანარჩენი ქართული მიწებიდან;
თავისი სკიპტრისთვის სამხრეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დაქვემდებარება.
სწორედ ამ დიდ ეროვნულ საქმეში გამოიყენა მან ხაზარები და ეს ისე გააკეთა, რომ არ უცვნია თავი ხაკანის ვასალად.
„ლეონ მეორემ გამოიხურა პატარა, შედარებით ერთსახოვანი აფხაზეთის კარები. სამაგიეროდ გახსნა ახალი თვისებრიობის — ქართული სახელმწიფოს, აფხაზეთის სამეფოს ფართო ჭიშკარი“.
ლოვარდ ტუხაშვილი
ქართველი ისტორიკოსი
ლეონ II-ის ეპოქაში დაიწყო დასავლეთ საქართველოს ეკლესიამ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებიდან გამოსვლა და მცხეთის საპატრიარქოსთან დაახლოება. მანამდე კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაქვემდებარებული ბიჭვინთის სამიტროპოლიტო იქცა ანდრია მოციქულის საპატრიარქო საყდრად, და აფხაზეთის საკათალიკოსო გახდა დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის სულიერი მწყემსი.
აფხაზეთის საკათალიკოსოს ემორჩილებოდა ალანთა ეკლესიაც. მისი გავლენა აღწევდა ყირიმამდე და რუსთა საზღვრებამდე.

მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე ლეონ II-მ ჩადო ყველაზე დიდი ქვა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ბალავარში.
ყველა ახალი ამბავი
0