საქართველოში იზრდება ჯარიმა ტექდათვალიერების არქონის გამო

© Tbilisi City Hallტექინსპექტირების ცენტრი
ტექინსპექტირების ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2023
გამოწერა
ამჟამად ჯარიმა 50 ლარს შეადგენს და თვეში ერთხელ იწერება
თბილისი, 22 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ მესამე მოსმენით მიიღო.
ამჟამად ჯარიმა ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის 50 ლარს შეადგენს და თვეში ერთხელ იწერება. ჯარიმის გადასახდელად დაწესებულია ერთთვიანი ვადა, შემდეგ იწყება პროცენტების დარიცხვა. თუ ავტომობილის მფლობელი ჯარიმას ექვს თვეში არ გადაიხდის, მას შეიძლება მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოართვან.
მიღებული შესწორებების თანახმად, 30 დღის განმავლობაში დარღვევების მეორედ გამოვლენის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი 150 ლარით დაჯარიმდება, 30 დღის განმავლობაში მომდევნო დარღვევის შემთხვევაში - 300 ლარით, ხოლო კიდევ ერთი დარღვევისას - 500 ლარით.
იურიდიული პირებისთვის ჯარიმა შესაბამისად შეადგენს 300, 500 და 700 ლარს.
ცვლილებები ამოქმედდება პრეზიდენტის ხელმოწერისა და საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
ყველა ახალი ამბავი
0