საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - ვისთან ვაჭრობს საქართველო
11:11 21.03.2023 (განახლებულია: 16:06 21.03.2023)
© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ექსპორტმა 914,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 20,3%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-თებერვალში.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,3%-ით გაიზარდა და 2,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,9 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის ინავარ-თებერვალთან შედარებით 9%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 914,8 | 20,3 |
იმპორტი | 1.983,4 | 9,0 |
სულ | 2.898,2 | 12,3 |
ექსპორტმა შეადგინა 914,8 მლნ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 20,3%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.068,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ორი თვის მაჩვენებელთან შედარებით 0,8%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან 2023 წლის იანვარ-თებერვალში ძირითადი ექსპორტირებული პროდუქცია
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 236,8 | 226,4 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 143,4 | -8,2 |
ფეროშენადნობები | 71,7 | -28,6 |
ღვინო | 34,5 | 3,9 |
სპირტიანი სასმელები | 24,2 | 37,4 |
2023 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტად გაიზარდა მიკროავტობუსების ექსპორტი – 93.507%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 226,4%-ით, თამბაქოს ნაწარმის – 214,8%-ით.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი აზოტის სასუქის – 63,8%-ით, ფეროშენადნობების – 28,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 8,2%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2022 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული ძირითადი პროდუქცია
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 207,8 | 22,4 |
გაზი | 175,5 | 47,1 |
ნავთობპროდუქტები | 158,4 | -2,7 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 108,1 | -26,8 |
წამლები | 71,3 | 35,6 |
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი მიკროავტობუსების – 3.784,4%-ით, თამბაქოს ნაწარმის – 75,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 47,1%-ით, წამლების – 35,6%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 22,4%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების იმპორტი – 29,6%-ით, სპილენძის მადნების და კონცენტრატების – 26,8%-ით, ასევე ნავთობპროდუქტების – 2,7%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-თებერვალში პირველი ადგილი რუსეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 467,1 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16,1%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2023 წლის იანვარ-თებერვალში
ქვეყანა | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
რუსეთი | 467,1 | 69,9 |
თურქეთი | 387,0 | 8,8 |
ჩინეთი | 246,4 | 3,3 |
აზერბაიჯანი | 242,2 | -2,7 |
სომხეთი | 203,2 | 92,3 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან გერმანია, აშშ, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია.