სუბარი: ოპოზიციონერებს უნდათ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვონ

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
საქართველო უნდა შევიდეს ევროკავშირში ღირსებით და არა „ასკინკილით და ცალ ფეხზე დგომით“, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ბრიუსელში საქართველოს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ვიზიტის მიზანია ხელი შეუშალონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში, განაცხადა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა.
სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“) და ელენე ხოშტარიამ („დროა“) შეაჯამეს თავიანთი ვიზიტი ბრიუსელსა და სტრასბურგში და განაცხადეს, რომ ევროპაში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მთავრობის პოზიციები განსხვავებულია. მათი თქმით, საქართველოს სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რათა მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას, და ერთ-ერთ მეთოდად ქუჩის პროტესტი დაასახელეს.
„ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ბოლშევიკური „ტროიკა“ როდესაც ბრიუსელის დერეფნებში დადის და, პრაქტიკულად, ყველა კარზე აკაკუნებს, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ უარს თუ გვეტყვიან, ამ შემთხვევაში ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ“, - განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „პოს-ტვ-ს“ ეთერში.
დეპუტატის თქმით, საქართველო ევროკავშირში ღირსებით უნდა შევიდეს და არა „ასკინკილით“.

„როცა გეტყვიან, რომ თუ გინდა ევროპაში მიგიღოთ, დადექი ახლა კუთხეში ცალ ფეხზე და ერთი კვირა იდექი. ბოდიში, ეგრე არ გამოვა და ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ ვინმე ამას გთხოვს, ესე იგი ის არ არის ის, საითაც უნდა ისწრაფოდე... ევროპა სხვა რამეა და ზუსტად იმ ევროპაში გვინდა ჩვენ“, - განაცხადა სუბარმა.

მისი სიტყვებით, თბილისში უკრაინიდან ქართველი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული მებრძოლების ნაწილის ჩამოსვლა, რომლებიც პერიოდულად საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებით იმუქრებიან, შემთხვევითი არ ყოფილა და ამ ყველაფერს მივყავართ „ომის პარტიის“ მიზნისკენ, როგორმე ჩაითრიონ საქართველო ომში.
ამასწინათ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა უკრაინიდან საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მებრძოლების ჯგუფის „რევოლუციური სცენარის ხორცშესხმის“ მიზნით ჩამოსვლის შესახებ.
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. ჯერ მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეთა ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმის ტოლფასი. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეს სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის ხელშეწყობა.
ამის პარალელურად, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
2022 წლის ივნისში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიარონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს.
ყველა ახალი ამბავი
0