ავ ენებს აყოლილი მეფე, ანუ ამბავი ერთგული სარდლის მზაკვრულად მოკვდინებისა

© Pixabay / DangrafArt
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
ოსმალებთან ომით ანგარიშის გასწორების შემდეგ შაჰ აბასმა ქართლ-კახეთის ძირფესვიანად მოთხრა-განადგურება გადაწყვიტა. მართალია, ამ ომში ქართლიცა და კახეთიც ოსმალთა წინააღმდეგ ირჯებოდნენ, მაგრამ შაჰს ქართლისა და კახეთის მეფეები უკვე ხელს უშლიდნენ და ირანის ლომმაც მათი განეიტრალება განიზრახა.
სანამ ქვეყანას დალაშქრავდა, შაჰმა ქართველ მეფეთა ერთგული გარემოცვის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. საამისოდ მზაკვრულ ხერხს მიმართა, შინაგამცემებსა და მოღალატეებს დაუკავშირდა.
ქართლში შაჰის შავი საქმე შადიმან ბარათაშვილმა განახორციელა, რომელმაც მეფე ლუარსაბ მეორე მის ცოლისძმას გიორგი სააკაძეს გადაამტერა და დიდ მოურავს ისპაჰანში გასაქცევად გაუხადა საქმე. უფრო მეტიც, გაიძვერა ბარათაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ იმერეთს თავშეფარებული მეფე ლუარსაბი ქართლში დააბრუნა და მძვინვარე შაჰს ჩაუგდო ხელში.
კახელთა საბედნიეროდ და შაჰისთვის საუბედუროდ, მათ მეფეს თეიმურაზ პირველს ჰყავდა ჭკვიანი და ენერგიული სარდალი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილ-ომანიშვილი — ერთგული და ქვეყნის დიდი იმედი კაცი. ამიტომ შაჰი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თეიმურაზსა და ქაიხოსროს შორისაც ჩამოეგდო მტრობა.

ცილისწამებასაც არ მოერიდა, კახეთის მეფეს „დიდი საიდუმლო“ გაანდო: ქაიხოსროს დედაშენზე უჭირავს თვალი, ქეთევანზე დაქორწინება და შენთვის ტახტის წართმევა სწადიაო. თავიდან თეიმურაზს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს მონაჩმახი, მაგრამ იმდენი უჩიჩინა მზაკვარმა, ეჭვის ჭია გაუჩინა და ბოლოს დაარწმუნა კიდეც ამ სისულელეში...
1611 წლის გაზაფხულზე დიდი ქორწილი გაიმართა გრემის სასახლეში. კახთა მეფე თეიმურაზ I ცოლად ირთავდა ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის დას — ხორეშანს.

მეფე სუფრასთან იჯდა, როდესაც გზირებმა ამცნეს, ყადორის მთაზე ლეკები გამოჩნდნენო. წამოიჭრა თეიმურაზი ფეხზე, საჭურველი მოითხოვა, მაგრამ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილ-ომანიშვილმა შეაჩერა იგი, შენ ნუ გაირჯები, მბრძანებელო, მე მოვუვლი ლეკებსო. წამში დატოვა ქორწილი, მეომრები იხმო და მთისკენ დაძრა მხედრობა.

გრემში კი ქორწილი გაგრძელდა. მაგრამ შუა პურობისას ვიღაცამ შხამიანი სიტყვა ჩააწვეთა თეიმურაზს, რად გაუშვი ჩოლოყაშვილი ლეკებთან შესაბმელად, მას ხომ დიდი ხანია შენი ღალატი უდევს გულშიო. ისევ შაჰ აბასის შემონათვალი გაახსენდა კახთა მეფეს, ქაიხოსრო დედაშენ ქეთევანზე დაქორწინებით აპირებს შენთვის ტახტის წართმევასო. აიშალა და ავარდა მეფე, ვეღარ დააკავა ვერავინ, იარაღი აისხა, ამალა აიყოლია და თვითონაც ყადორისკენ გასწია.
მთას რომ მიადგა, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილ-ომანაშვილს ლეკები უკვე დაემარცხებინა, გაქცეულებს დაღესტნამდე ჩაჰყოლოდა და მათი საბუდარიც ძირფესვიანად მოეთხარა. შეეგება გამარჯვებული ქაიხოსრო მეფეს, ლეკები განადგურებული არიანო, მოახსენა, და სამეფო ბუკს თუ მიბოძებთ, გამარჯვების ნიშნად დავაძახებთ, სხვა მტრებსაც ვამცნობთ მეფის მოსვლას და ისე დავაშინებთ, რომ აქეთ გამოხედვაც ვეღარ გაბედონო.
ამის თქმა იყო და მისცვივდნენ მეფეს „ერთგული“ ნაზირ-ვეზირები, ქაიხოსროს სამეფო ბუკის დაძახილზე შეთქმულთა შეყრა და შენი მოკვლა აქვს გადაწვეტილიო. მერე კი, პასუხსაც აღარ დაუცადეს, ქაიხოსროს ეცნენ და ძირს დაანარცხეს. ბევრი იყვირა ჩოლოყაშვილმა, მეფის ღალატი ფიქრადაც არ გამივლიაო, მაგრამ არავინ შეისმინა მისი სიტყვა — თავი გააგდებინეს მეფისა და ქვეყნის ერთგულ თავადს.
ქაიხოსროს მუხანათური მკვლელობის შემდეგ მისმა ძმამ, ცნობილმა მწიგნობარმა და სწავლულმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა, შემდგომში ნიკიფორე ირბახად წოდებულმა, კახეთი მიატოვა და მოღვაწეობა იერუსალიმში განაგრძო.
ერთგული ძმების დაკარგვა დიდი დარტყმა იყო თეიმურაზისთვის, რომელსაც შაჰ აბასმა მანამდე ჩამოაშორა ისეთი განთქმული სარდლები, როგორებიც იყვნენ ნოდარ ჯორჯაძე, ადამ ანდრონიკაშვილი და დავით ჯანდიერი.
მოვლენებს დავასწრებთ და გეტყვით, რომ მოგვიანებით ნიკიფორე ირბახიც, ნოდარ ჯორჯაძეცა და დავით ჯანდიერიც ისევ თეიმურაზის სამსახურში ჩადგნენ, მაგრამ იმ დროისთვის „ირანის ლომს“ უკვე მიწასთან ჰქონდა გასწორებული კახეთი. თუმცა გასაკეთებელი მაინც გააკეთეს. ჯანდიერმა „სისხლიანი ალავერდობა“ მოუწყო გადამთიელებს 1615 წლის 15 სექტემბერს, როცა ალავერდის გალავანში გამაგრებული ყიზილბაშები მთლიანად გაჟლიტა, ხოლო ჯორჯაძემ 1617 წელს ოლთისთან სასტიკი მარცხი აგემა შაჰის სახელოვან სარდალ ამირგუნე ხანს.
ასეა თუ ისე, ერთგული გარემოცვის გარეშე დარჩენილი კახეთის მეფის დასამარცხებლად 1614 წელს შაჰმა თამამად დაძრა ლაშქარი. ეულად დარჩენილ თეიმურაზს ცდა და მონდომება არ დაუკლია, მაგრამ სპარსელებთან ომში სასტიკად დამარცხდა — მომხდურმა კახეთი ლამის ფესვამდე მოაოხრა...
ყველა ახალი ამბავი
0