მოსაზრება: „მარცვლეულის შეთანხმება“ გრძელდება - რისთვის სჭირდება ეს რუსეთს?

© photo: Sputnik / Ivan Rodionov
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
14 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება არსებული პირობებით „მარცვლეულის შეთანხმების“ 60 დღით გახანგრძლივების თაობაზე. მოსკოვი კვლავაც უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სამი უკრაინული ნავსადგურიდან, გაერო კი – რუსეთიდან სურსათისა და სასუქების ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე.
თუ გარიგების პირველი ნაწილი უკვე მერვე თვეა განუხრელად სრულდება, მეორე ნაწილთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს.
რისთვის გააგრძელა რუსეთმა შეთანხმების მოქმედების ვადა?

„მარცვლეულის შეთანხმება“ - ისტორია

რუსეთი და უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით პირველ ადგილებზე არიან. ამ პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ბაზარზე საგრძნობლად იმოქმედა – გაიზარდა ფასები.
უკრაინას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაუჭირდა მსოფლიო ბაზარზე სურსათის გატანა, რუსეთი კი დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მსოფლიო ლიდერები შეუდგნენ „სურსათის საკითხის“ მოგვარებას.
აღსანიშნავია, რომ სასურსათო კრიზისი ჯერ კიდევ სპეცოპერაციამდე დაიწყო: დარღვევები ამ სფეროში COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია – რეკორდულად გაიზარდა საწვავისა და ენერგორესურსების ფასები და სხვ.
მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრეს გაერომ და თურქეთმა, რომლებთანაც 2022 წლის 22 ივლისს ერთდროულად გაფორმდა ორი შეთანხმება: „უკრაინის პორტებიდან ხორბლისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივა“ და „მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვები პროდუქტებისა და სასუქების გატანის ხელშეწყობის შესახებ რუსეთის ფედერაციასა და გაეროს სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი“. პირველ დოკუმენტს თურქეთთან და გაეროსთან ერთად ცალ-ცალკე ხელი მოაწერეს რუსეთმა და უკრაინამ, მეორეს – რუსეთმა და გაერომ.

შეთანხმებები - დავის საგანი

პირველი შეთანხმება ითვალისწინებს უსაფრთხო საზღვაო დერეფნის უზრუნველყოფას უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ხორბალი სამი უკრაინული პორტიდან – ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის ნავსადგურებიდან გადის.
თავდაპირველად გარიგება 120 დღე მოქმედებდა, რის შემდეგაც, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ის იმავე ვადით უნდა გაგრძელებულიყო. 17 ნოემბერს გარიგება გახანგრძლივდა და ახლა მისი მოქმედების ვადა 18 მარტს იწურება.
ამ შეთანხმების ფარგლებში შესრულდა 1600-ზე მეტი რეისი შავ ზღვაში და განხორციელდა 24 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი.
უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის 65%, ნაცვლად ღარიბი ქვეყნებისა, გადანაწილდა ხუთ ქვეყანაში – ჩინეთში, ესპანეთში, თურქეთში, იტალიასა და ნიდერლანდში.
ამ დროს კი მეორე დოკუმენტის შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს გაეროს მხრიდან რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის ხელშეწყობას, პრობლემები შეექმნა.
რუსული სასუქები კვლავ დაბლოკილია ბალტიის, ბელგიისა და ნიდერლანდის ნავსადგურებში, არ არის მოგვარებული საბანკო ტრანზაქციები, დაზღვევის, ლოგისტიკისა და საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის საკითხები, რაც ხელს უშლის სასუქებისა და სურსათის ექსპორტს რუსეთიდან...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმების გაგრძელება-არგაგრძელებაზე მსჯელობისას იხელმძღვანელებს იმით, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება რუსული პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმება. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, გააგრძელოს შეთანხმების ვადა 60 დღით.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კუბრაკოვი ამით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, რუსეთის პოზიცია ეწინააღმდეგება გასული წლის ივლისში გაფორმებულ დოკუმენტს, რომლის თანახმად, მოქმედების ვადა 120 დღით უნდა გაგრძელდეს.
ევროკავშირში ფიქრობენ, რომ „მარცვლეულის გარიგება“ არ არის ერთი პაკეტი, ვინაიდან ორივე შეთანხმებას სხვადასხვა ხელმომწერები ჰყავს. ანუ, მათი აზრით, 22 ივლისს ხელი მოეწერა ორ აბსოლუტურად განსხვავებულ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შეთანხმებას.

რატომ გაახანგრძლივა რუსეთმა გარიგება?

გარიგების მეორე ნაწილის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთიდან სურსათის ექსპორტს ეხება, რუსეთის ხელისუფლებასა და ექსპერტებს არაერთხელ გამოუთქვამთ კრიტიკული შენიშვნები.
მაშინ რატომ გადაწყვიტა მოსკოვმა გარიგების გახანგრძლივება? პასუხი მარტივია: რუსეთს სჭირდება თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა.
რუსეთი იმაზე გაცილებით მეტ მარცვალსა და სასუქებს აწარმოებს, ვიდრე თავად სჭირდება.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, 2022 წელს ქვეყანაში ხორბლის რეკორდული მოსავალი აიღეს – 153-155 მლნ ტონა (2021 წელს – 120,7 მლნ ტონა).

ექსპორტიც რეკორდული იქნება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა უკვე 40 მლნ ტონა ხორბალი გაყიდა. წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა შეიძლება 53-54 მლნ ტონა შეადგინოს, აღნიშნა „მარცვლეულის გაერთიანებული კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ ქსენია ბოლომატოვამ.

ასეთი მოცულობის სარეალიზაციოდ აუცილებელია ნებისმიერი საექსპორტო საშუალება, რომელიც მიმდინარე გეოპოლიტიკურ პირობებში არსებობს. „მარცვლეულის შეთანხმება“ დღეს ამ შესაძლებლობებს მეტ-ნაკლებად ქმნის.
ამასთან, საეჭვოა, რუსეთს ამ შეთანხმებიდან გამოსვლამ რამე სარგებელი მოუტანოს. პროდუქციის ტრანსპორტირებასთან, დაზღვევასა და გადახდებთან დაკავშირებული რუსი ექსპორტიორების ისედაც საკმაოდ რთულ პირობებში საქმიანობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

კონკურენტის დამარცხება

ვიდრე რუსეთი მარცვლეულის წარმოებასა და ექსპორტს ზრდის, უკრაინამ ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა მოსავლიანობისა და ექსპორტის შემცირება.
გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი 2022-დან 2023 წლამდე თითქმის ორჯერ შემცირდა – 42,6 მლნ ტონადან 19,2 მლნ ტონამდე.
65 მლნ ტონა – უკრაინისთვის ჩვეულებრივი მაჩვენებელია. გასულ 10 წელიწადში უკრაინას სტაბილურად მოჰყავდა სწორედ ამ მოცულობის მარცვლეული. როდესაც საუბრობენ მოსავლის შემცირებაზე, ამჟამინდელ მოსავალს ადარებენ შარშანდელ მაჩვენებელს, რომელიც უკრაინისთვის რეკორდული იყო – 84 მლნ ტონა მარცვლეული და პარკოსნები.
2022 წელს უკრაინის მოგება თითქმის ორჯერ შემცირდა. რუსეთისა კი 15%-ით გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო წლის ბოლოს სავსებით მოსალოდნელია, რომ მოსკოვისა და კიევის შემოსავლებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გაიზრდება.
თუ 2021-2022 წლების სეზონზე უკრაინის ექსპორტის წილი გლობალურ ბაზარზე 40%-ს შეადგენდა, რუსულისა კი 29%-ს, ახლა ძალთა ბალანსი იცვლება. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თებერვლის პროგნოზით, უკვე წელს რუსეთმა შეიძლება უკან ჩამოიტოვოს უკრაინა და გახდეს ლიდერი მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტით. აღსანიშნავია, რომ მზესუმზირის ზეთმა უკრაინას 2021 წელს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან შედარებით ყველაზე დიდი მოგება მოუტანა – 6,4 მილიარდი დოლარი.
პარალელურად რუსეთი ამყარებს მრავალწლიან ლიდერობას ხორბლის ექსპორტის სფეროში.

მეგობრებისთვის

„მარცვლეულის გარიგების“ მეორე მნიშვნელოვანი მომენტია რუსეთის ურთიერთობების გაღრმავება მეგობარ ქვეყნებთან.
პირველ რიგში, ეს ხელს უწყობს მარცვლეულის ფასის შეკავებას, მათ შორის, შემცირებასაც, რითაც ასე დაინტერესებული არიან აფრიკისა და აზიის ქვეყნები. მათთან მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება კი მოსკოვისთვის მეტად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაში აფრიკული ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო რუსეთის გამამტყუნებელ რეზოლუციას.
მეორეც, მეგობარ ქვეყნებს დღეს სტაბილურად მიეწოდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსეთიდან. რუსეთი კი ამ ბაზრების მეშვეობით ამყარებს და ავითარებს ექსპორტს.
„აგროექსპორტისა“ და „როსსელხოზნადზორის“ მონაცემებით, 2022 წელს რუსულ ხორბალს 126 ქვეყანა ყიდულობდა, მათ შორის უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის ქვეყნები და მოკავშირეები ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან.
რუსეთისთვის მოულოდნელი პლუსი აღმოჩნდა ასევე მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.
ადრე ევროკავშირმა უკრაინელი ფერმერებისთვის დაუბეგრავი ვაჭრობის რეჟიმი შემოიღო, რამაც უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში ხორბლის არაკონტროლირებადი პარტიების მიწოდება, ადგილობრივ მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის შემცირება, სასოფლო-სამეურნეო დარგებში კრიზისი, ადგილობრივი ფერმერების შემოსავლების შემცირება გამოიწვია.
ვრცელდება ხმები უნგრელ, რუმინელ, სლოვაკ და ჩეხ ფერმერთა უკმაყოფილებაზეც.

კვლავ სასუქების შესახებ

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მომენტია რუსეთის ინიციატივით „მარცვლეულის შეთანხმების“ 60 დღით გახანგრძლივება, ნაცვლად 120 დღისა.
როგორც ჩანს, ეს არის გაფრთხილება გაეროსთვის, რომ სარგებელი, რომელიც დღეს უკრაინას აქვს, ამა თუ იმ დოზით შესაძლოა მალე საერთოდ შეწყდეს, თუ რუსული სასუქების მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების საკითხში წინსვლა არ იქნება.
თუ გაერო არ გადადგამს ნაბიჯებს რუსეთიდან სასუქის ექსპორტის გასამარტივებლად, ეს ერთმნიშვნელოვნად სავალალო შედეგებს გამოიწვევს, რაც გამოიხატება მსოფლიოში მოსავლიანობის შემცირებითა და მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდით.
გაეროში 2022 წელს უწოდეს „უპრეცედენტო შიმშილის“ წელი. თუ დასავლეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილისთვის 2023 წელი შესაძლოა გაცილებით უარესი აღმოჩნდეს.
ყველა ახალი ამბავი
0