ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს

© photo: Sputnik / Aiush Pachnanda / გადასვლა მედიაბანკშიდიდი ბრიტანეთის დროშა
დიდი ბრიტანეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის შეხვედრაზე.
კლევერლი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დადებით დინამიკას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.
გამოწვევები რეგიონში
ვიზიტის ფარგლებში კლევერლი ასევე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სტრატეგიული თანამშრომლობა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით.

„კლევერლის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ეხმიანება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ დინამიკას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანეთის მზარდ ჩართულობას ჩვენს რეგიონში", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობაზე და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებაზე.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის კუთხით.
„შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დამყარდა. მხარეები რეგულარულად მართავენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0