ქართველი მსახურად არ დაგიდგება: რას წერენ ჩვენზე უცხოელები

© photo: Sputnik / Stringerსაშობაო მსვლელობა „ალილო“
საშობაო მსვლელობა „ალილო“ - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
ინტერნეტ-სივრცე სავსეა საქართველოს შესახებ ფოტო, ვიდეო თუ ტექსტობრივი ინფორმაციითა და გზამკვლევებით, რომელსაც, ტურისტული სააგენტოების გარდა, თავად უცხოელი მოგზაურებიც ავრცელებენ.
„Sputnik-საქართველომ“ რამდენიმე ასეთ ჩანაწერს მოუყარა თავი. ნახეთ როგორ აცნობენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს საქართველოში სტუმრად ნამყოფები მსოფლიოს.
ქართველი კაცის მენტალიტეტი ყველასგან განსხვავებულია. იცოდეთ, თუ ქართველის აზროვნებასა და ლოგიკას გაეცნობით, მასთან ურთიერთობით აბსოლუტურ „კაიფს დაიჭერთ“.
თბილისში ადამიანებს შორის ძალიან მოკლე დისტანციაა. არა, აუცილებელ პიეტეტს კი არ კარგავენ, ან ღრმა პატივისცემის ზღვარს კი არ გადადიან, უბრალოდ, ზედმეტად ახლოს არიან. ანუ, თუ ერთ სუფრასთან გვერდიგვერდ მჯდომი მინისტრი და მეეზოვე აღმოაჩინეთ, არ გაიკვირვოთ, ქართველებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ქართველები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ ცნებას, როგორიცაა დრო. პრინციპი ასეთია: ვერ მოასწარი დღეს? რა მოხდა მერე, ხვალაც ამ თვისაა! მოკლედ, არ ეჩქარება ამ ხალხს ცხოვრება და, მგონი, სწორედ ამიტომაც ჰყავთ ამდენი დღეგრძელი.
ძალიან გაგიჭირდებათ კაფეში მარტო მჯდომი ქართველის ნახვა. არ უყვარს ამ ხალხს თანამეინახის გარეშე სადილობა და ამიტომ თუ სადმე მაინც გადააწყდით ასეთს, იცოდეთ, დიდი ალბათობით, ეს უბრალოდ მარტოსული ადამიანია და იქნებ თავად მიიპატიჟოთ თქვენს მაგიდასთან.
სერვისი თბილისში — ეს ტოტალური პრობლემაა. ოფიციანტი დიიიდხანს გალოდინებთ, სანამ მენიუს მოგიტანთ, მერე აუცილებლად აურევს შეკვეთას და, შესაძლოა, თეფშიც არ გამოგიცვალოთ; მაღაზიის გამყიდველი ყველანაირად „შეგიშლით“ ხელს, რათა, ემანდ, რამე არ იყიდოთ... მაგრამ როგორც კი ქართველთან ურთიერთობა სასაქონლო–ფულად ურთიერთობას გასცდება, მაშინვე მიხვდებით, რომ უფრო გულღია, უფრო თბილი და ყურადღებიანი ერი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება! მაშ, რისი ბრალია ცუდი სერვისი? რისი და, ქართველები ამაყი ხალხია, ამიტომაც ოფიციანტად და გამყიდველად მუშაობა მენტალურ დონეზე მიაჩნიათ სათაკილოდ. კი, ქართველი შეკითხვაზე გიპასუხებს, მაგრამ მოსამსახურედ არასდროს დაგიდგება. ამიტომაც ტოვებს იქაური სერვისი უკეთესის სურვილს. ნუ გაამახვილეთ ამაზე ყურადღებას. უბრალოდ დატკბით ქართველებთან ურთიერთობით.
სტუმარი ქართველისთვის წმიდათაწმიდაა. სტუმარს ყველაფრის ნება აქვს და ყველაფერი მიეტევება, ყველაფერი მისთვისაა. მაგრამ თუ, ვთქვათ, სოფლად ეწვიეთ ქართველს, თანაც ხანგრძლივად, გახსოვდეთ, რომ სტუმარი მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში გქვიათ. მერე კი მასპინძლის თანაბარი ხდებით და ამიტომ მასთან ერთად უნდა იმუშაოთ მის კარმიდამოში. ამით ყველას პატივისცემას დაიმსახურებთ.
ქართველს არ შეუძლია უარის თქმა, ლამის არასდროს გეტყვით „არას“ თხოვნაზე. უბრალოდ, თუ თქვენი თხოვნის შესრულება რაღაც მიზეზით არ შეუძლია, დროს მანამ გაგიჭიმავთ, სანამ თავად არ მიხვდებით, რომ უნდა შეეშვათ.
მოსკოველებმა არაერთხელ გვკითხეს, საქართველოში რომ წავიდეთ, სახიფათო ხომ არ არისო. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ: ეროვნების გამო საქართველოში არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ! ქართველები უთბილესი და ძალზე ადეკვატური ხალხია. ნეგატივს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, თუ თავად მოიქცევით თავხედურად და აგრესიულად. აი, მაშინ კი ქართველისთვის აბსოლუტურად სულ ერთი ხდება, ვინ ხართ და საიდან...
ყველა ახალი ამბავი
0