საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან

© photo: Sputnik / Stringerიოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირია სპორტსმენების ბულინგი და შევიწროება, განაცხადა კავშირის პრეზიდენტმა.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს, შეწყვიტეთ, ცეცხლს ეთამაშებით! – ასეთი განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული კამპანიის დროს სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში ცნობილი და ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მიმართვები გაჩნდა, რომლებიც წერდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. მომხმარებელთა ნაწილმა იმ სპორტსმენებსაც მოუწოდა გამოსულიყვნენ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად, რომლებსაც თავიანთი პოზიცია საჯაროდ არ გამოუთქვამთ. მათ ანტიპატრიოტები უწოდეს.

„შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; ჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის. მოუწოდეთ ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, შექმნან მომავალი“, – ნათქვამია ტყემალაძის განცხადებაში.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირი გახდა სპორტსმენების ბულინგი და შევიწროება.
„ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან…. სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს, ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს ექვსი ერის ქვეყნებთან – უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტყემალაძემ მოუწოდა ყველას, ვის ინტერესებსაც არ უნდა ემსახურებოდნენ ისინი, თავი შორს დაიჭირონ ახალგაზრდა მორაგბეებისგან.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციებზე უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია გამოვიდა. ამ დღეებში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდებმა დააზიანეს ახლომდებარე ინფრასტრუქტურა, ჩაამსხვრიეს შუშები, დაწვეს რამდენიმე ავტომობილი და ნაგვის ურნები, პოლიციას სხვადასხვა საგნები ესროლეს. ამის საპასუხოდ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ორდღიანი აქციების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.
მომიტინგეებისა და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
რამდენიმე დღის წინ კი რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა, რომლებიც ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ გამოდიან, საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. მათ მოითხოვეს რეფერენდუმის ჩატარება, რათა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება.
წყარო - „საქართველოს რაგბის კავშირი“
ყველა ახალი ამბავი
0