მოსაზრება: დიდი დეპრესია აშშ-ში მთელ მსოფლიოს ემუქრება

© AFP 2024 / ISABEL INFANTES
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
13 მარტი დასავლური ბირჟებისთვის შავ ორშაბათად იქცა, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
მისი თქმით, ჯერ გაუფასურდა ამერიკული აქციები – ასე იმოქმედა ბაზარზე ერთბაშად ორი მსხვილი ბანკის გაკოტრებამ, შემდეგ კი, დომინოს ეფექტით, ევროპული კოტირებების ვარდნაც დაფიქსირდა. ცეცხლს ნავთი დაასხა ჯო ბაიდენმა. ორშაბათს ვაჭრობის გახსნამდე მან ამერიკელებს მიმართა და განუცხადა, რომ მათი ფული საიმედო ხელში იყო და არაფერი ემუქრებოდა. „გარანტიას იძლევით, რომ ქაოსი არ გავრცელდება?“ – დააყარეს კითხვები ჟურნალისტებმა. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხს თავი აარიდა.
ამერიკელებმა სიგნალი სწორად გაიგეს. ასეთი მიმართვებით – თქვენს ფულს არაფერი ემუქრება – ქვეყნის პირველი პირები, როგორც წესი, მაშინ გამოდიან, როდესაც ფულს რაღაც ემუქრება. ბაიდენის გამოსვლას შედეგად მოჰყვა ვარდნა ბირჟაზე, რის გამოც ბანკების აქციებით ვაჭრობა შეჩერდა.
აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა First Republic-მა, მაგალითად, ერთ დღეში 61,8 პროცენტით იზარალა. უცნაურია, რომ ამდენ ხანს გაძლეს. ჯერ კიდევ ზაფხულში ცნობილმა ინვესტორმა მაიკლ ბიურიმ, უნიკუმმა, რომელმაც არა მხოლოდ იწინასწარმეტყველა 2007-2008 წლების კრახი, არამედ ხელიც მოითბო მასზე, განაცხადა, რომ ეკონომიკაში უზარმაზარი ბუშტები გაჩნდა, და თითქმის ყველა თავისი აქცია გაყიდა.
მთელი გასული წლის განმავლობაში ანალიტიკოსები მასშტაბური რეცესიის პროგნოზს აკეთებდნენ – ის ჩვეულებრივ სწორედ ასეთი ბუშტების მაქსიმალურად მტკივნეული ჩაფუშვით იწყება, როდესაც აქციები პრაქტიკულად რამდენიმე საათში უფასურდება.
ახლა ყველას აინტერესებს – რა მოხდება შემდეგ. კეთდება სხვა მსხვილი ბანკების – ამერიკულისა თუ ევროპულის დახურვის პროგნოზები. პარალელურად კრახი ელის IT-სტარტაპებს, რომლებიც კრედიტებს ვერ ფარავენ. ათობით მილიონი ამერიკელი დაკარგავს დანაზოგსა და საპენსიო დანაზოგს. დონალდ ტრამპი თანამოქალაქეებს უკვე დაპირდა ახალ დიდ დეპრესიას.
მაშინაც კი, თუ აშშ-ის ხელისუფლება დღეს-ხვალ შეძლებს როგორღაც საბირჟო კრახის შედეგების განეიტრალებას, ეს მხოლოდ მცირე ხნით გადაავადებს სრულ კატასტროფას.
ბიზნესები და ფიზიკური პირები ცდილობენ სადმე მაინც დააბანდონ 2020 წლიდან ეკონომიკაში ჩადებული ტრილიონობით დოლარი. ამიტომ ეკონომიკაში ბუშტები იბერება. პარალელურად ფედერალური სარეზერვო სისტემა ზრდის განაკვეთს, რაც იწვევს იმ კომპანიების გაკოტრებას, რომლებსაც არ შეუძლიათ აღებული კრედიტების გასტუმრება. მსგავსი სცენარით ვითარდებოდა მოვლენები 2005-07 წლებში, „დიდი რეცესიის“ წინ.
ყველაზე უსიამოვნო – მეანაბრეები ამ ყველაფერს ხედავენ და ცდილობენ დანაზოგის გადარჩენას. რამ გამოიწვია ბანკ Silicon Valley-ს გაკოტრება? ბანკის კლიენტებმა – მეწარმეებმა სილიკონის ველიდან, რომლებიც შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს და მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ. SVB-სთან დაკავშირებით გასაგები იყო, რომ მათ ვალები დაუგროვდათ. ოთხშაბათს მეანაბრეებმა მასობრივად დაიწყეს ფულის გატანა ბანკიდან. უკვე პარასკევს ბანკმა ვეღარ გაუძლო და დაიხურა.
დღეს კი მეანაბრეებს ფული გამოაქვთ ბანკებიდან მთელ ქვეყანაში. განსაკუთრებით ზარალდებიან საშუალო რგოლის ბაკები. რეგიონული ბანკის PacWest-ის ხელძღვანელობამ განაცხადა, რომ გასული კვირის ბოლოს მეანაბრეებმა ანგარიშებიდან 700 მილიონი დოლარი მოხსნეს.
დღეს თითქოს წარმოუდგენელია, რომ ისეთი ბუმბერაზი, როგორიცაა აშშ-ის ეკონომიკა, შეიძლება ჩამოინგრეს. მაგრამ სსრკ-ის კრახიც წარმოუდგენელი ჩანდა ერთ დროს. 31 ტრილიონ დოლარზე მეტია აშშ-ის სახელმწიფო ვალი, რომელიც ბოლო 20 წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა, 17 ტრილიონია ამერიკული შიდა მეურნეობების ვალი, თითქმის ტრილიონი – მოქალაქეთა საკრედიტო დავალიანებებია. ეს ციფრები დოლარის გაუფასურებაზე მიუთითებს.
ამას ემატება მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაცია, მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების დაშორება ამერიკული ვალუტისგან.
ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულო არ არის. ახალი დიდი დეპრესია აშშ-ში პლანეტის ყველა კუთხეზე აისახება. პირველ რიგში ჩაითრევს ევროპის ეკონომიკას. მასშტაბური რეცესია გამოიწვევს ნავთობის გაიაფებას, რაც რესურსებით მოვაჭრე ქვეყნებს მიაყენებს დარტყმას. აშშ-ის მთავარი ექსპორტი გახდება ინფლაცია – ადამიანები შეეჯახებიან ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ ვითარებაში სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, არის რუსეთის მაგალითის გაზიარება და რაც შეიძლება სწრაფად იმ გემიდან ჩასვლა, რომელსაც დასავლეთის ეკონომიკა ჰქვია. დოლართან კავშირის გაწყვეტა, იმპორტის ჩანაცვლება, საკუთარი, ალტერნატიული ეკონომიკური კავშირების გაბმა, დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებზე დამოკიდებულების შემცირება.
მაგრამ საქმე მხოლოდ ეკონომიკურ რისკებს არ ეხება. პირველი დიდი დეპრესიიდან გამოსვლა ამერიკელებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ევროპაში ომი დააფინანსეს. მილიონობით დაღუპული კონტინენტზე გახდა საფასური იმისთვის, რომ რიგით ამერიკულ ოჯახებს სახლები, ავტომობილები, მაცივრები, ტელევიზორები შეეძინათ. ახალი დიდი დეპრესიიდან სხვაგვარი გამოსავალი დღეს არ ჩანს. „აღმოსავლეთის ფრონტი“ კი უკვე გახსნილია უკრაინაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე

ყველა ახალი ამბავი
0