პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. აღნიშნული სქემით იგეგმებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით ფარულად შემოტანა და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსება.

„2017-2020 წლებში ბრალდებულმა არალეგალური გზით ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, რომლებიც დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ თავის საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, რითაც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას – 1,5 მლნ აშშ დოლარს და 108 ათასამდე ლარს ყადაღა დაადო. ასევე ყადაღა დაედო ბრალდებულის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის წყნეთში მდებარე აგარაკსა და თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ ბინას.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0