შეფიცულთა ხსნას შეწირული: ამბავი ვაჟა-ფშაველას შვილის გმირობისა

© Pixabay / samvsmithარწივი მთებში
არწივი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთის ამბოხება 1922 წელს სისხლში ჩაახშო. ქაქუცა ჩოლოყაშვილი გადარჩენილი „შეფიცულთა რაზმით“ ხევსურეთიდან პანკისისკენ წავიდა, მაგრამ მაღაროსკართან ჩასაფრებულმა წითელარმიელებმა ალყაში მოაქციეს. შეფიცულებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს, მაგრამ ტყვია-წამალი გაუთავდათ და ალყაში მოქცეულებს გადარჩენის შანსი წაერთვათ.

თუმცა ხსნა მაინც მოევლინათ ფშავის მილიციის უფროსის, ვაჟა-ფშაველას ვაჟის, ლევან რაზიკაშვილის სახით, რომელმაც შეფიცულებს დერეფანი გაუკეთა და რაზმიც სამშვიდობოს უდანაკარგოდ გავიდა.
© საპატრიარქოს უნივერსიტეტის არქივისხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა-ფშაველა, ვაჟას შვილი ლევან რაზიკაშვილი. დგანან თედო და სანდრო რაზიკაშვილები, 1907 წელი.
სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა-ფშაველა, ვაჟას შვილი ლევან რაზიკაშვილი. დგანან თედო და სანდრო რაზიკაშვილები, 1907 წელი. - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა-ფშაველა, ვაჟას შვილი ლევან რაზიკაშვილი. დგანან თედო და სანდრო რაზიკაშვილები, 1907 წელი.
რატომ გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში მყოფმა რაზიკაშვილმა ამბოხებულთა დახმარება, ამაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოგი წყაროს თანახმად, რაზიკაშვილი თავიდანვე თანაუგრძნობდა ამბოხებულებს და დიდ დახმარებას უწევდა მათ. სხვა, უფრო სარწმუნო ვერსიით, დერეფნის გაკეთება და შეფიცულების დახმარება ფშავის მილიციის უფროსმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.

ჩოლოყაშვილმა იცოდა, რომ მის წინააღმდეგ ვაჟა-ფშაველას ვაჟი იბრძოდა, ამიტომაც მოისურვა მასთან შეხვედრა. შეხვდა კიდეც და ჯიქურაც მიახალა, ნუთუ ვაჟას შვილი იმას იკადრებს, რომ ქვეყნის ჯალათებს მიუგდოს ის ხალხი, ვისაც საქართველოს თავისუფლება სწყურიაო?!

და ლევან რაზიკაშვილმა შეფიცულებს პანკისისკენ გზა გაუხსნა, თუმცა მერე ძვირი დაუჯდა ეს დახმარება. თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემ „ჩეკაში“ დაასმინა იგი.
რაზიკაშვილი, ვითომ სამსახურებრივი საქმეების გამო, თიანეთის მილიციაში დაიბარეს. ისიც მივიდა და იქვე დააპატიმრეს. ბანდიტიზმში დასდეს ბრალი. განრისხებულმა სერგო ორჯონიკიძემ პირადად გასცა ბრძანება ლევან რაზიკაშვილის დახვრეტის თაობაზე.
© National Library of Georgiaლევან რაზიკაშვილი ოჯახთან და ნათესავებთან ერთად. მარცხნიდან სხედან: თამარ მთვარელიძე (ლევან რაზიკაშვილის მეუღლე), ლუკა რაზიკაშვილი (ვაჟას შვილიშვილი), სალომე კაკაბლიშვილი (მიხა ხელაშვილის და). დგანან: იოსებ მთვარელიძე, ლევან რაზიკაშვილი, მიხეილ რაზიკაშვილი (ვაჟას დისწული)
ლევან რაზიკაშვილი ოჯახთან და ნათესავებთან ერთად. მარცხნიდან სხედან: თამარ მთვარელიძე (ლევან რაზიკაშვილის მეუღლე), ლუკა რაზიკაშვილი (ვაჟას შვილიშვილი), სალომე კაკაბლიშვილი (მიხა ხელაშვილის და). დგანან: იოსებ მთვარელიძე, ლევან რაზიკაშვილი, მიხეილ რაზიკაშვილი (ვაჟას დისწული)
 - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
ლევან რაზიკაშვილი ოჯახთან და ნათესავებთან ერთად. მარცხნიდან სხედან: თამარ მთვარელიძე (ლევან რაზიკაშვილის მეუღლე), ლუკა რაზიკაშვილი (ვაჟას შვილიშვილი), სალომე კაკაბლიშვილი (მიხა ხელაშვილის და). დგანან: იოსებ მთვარელიძე, ლევან რაზიკაშვილი, მიხეილ რაზიკაშვილი (ვაჟას დისწული)
მაშინ ქართველმა მწერლებმა „რკინის სერგოს“ ლევან რაზიკაშვილის ცოცხლად დატოვების სათხოვნელად დელეგაცია აახლეს — ალექსანდრე აბაშელის, პავლე ინგოროყვას, პაოლო იაშვილისა და შალვა დადიანის შემადგენლობით. ლამის დაუჩოქეს ღორეშელ „ბოლშევიკს“ მწერლებმა, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო.
ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო, სიტყვა გააწყვეტინა მთხოვნელებს ორჯონიკიძემ. და 1923 წლის 16 თებერვალს „ჩეკამ“ განაჩენი სისრულეში მოიყვანა — ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს.
ამის შემდეგ დიდ ხანს ვერც დამსმენმა სერგო სურგულაძემ იცოცხლა. ქაქუცას „შეფიცულთა რაზმის“ წევრი მიხა ხელაშვილი გზაში ჩაუსაფრდა და ტყვია დააჭედა შუბლში გამცემს.

მიხამ არც მისი თანმხლებნი დაინდო, იმ დღეს მარტო კაცმა შვიდი ბოლშევიკი გაისტუმრა საიქიოს. სიკვდილს მხოლოდ რამდენიმე კაცი გადაურჩა, ისინი, ვინც პირველი ტყვიის გავარდნისთანავე უკანმოუხედავად მოკურცხლეს...
ყველა ახალი ამბავი
0