საქართველოში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა - მეწისქვილეები განგაშს ტეხენ

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
მეწისქვილეების გარდა, პრობლემა შეექმნათ ფერმერებსაც, რომლებსაც აღებული მარცვლეულის მოსავლის რეალიზაცია უჭირთ.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის და ფქვილის იმპორტის ზრდის ფონზე საქართველოში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. შარშანდელი სიტუაცია მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა“, - განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, წელს მეწისქვილეების გარდა, პრობლემა ფერმერებსაც შეექმნათ. მათ მარცვლეულის მოსავლის რეალიზაცია უჭირთ.
„ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ფერმერებს პრობლემა აქვთ, ვერ იწყებენ ახალი მოსავლისთვის მზადებას. თუ ისინი ვერ გაყიდიან ხორბალს, არ ექნებათ ფულადი რესურსი, რომ დაიწყონ საგაზაფხულო სამუშაოები“, - განაცხადა ექსპერტმა.
გაძვირდება თუ არა საქართველოში პური - ექსპერტის მოსაზრება >>
სილაგავა ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ექსპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებით რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადზე საპასუხოდ.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში მეწისქვილეები პურის ფასის შენარჩუნების გარანტიას იძლევიან, გარანტირებულად მიიღებენ ადგილობრივი ფერმერების მარცვლეულის მოსავალს და სასურსათო უსაფრთხოებისთვის ქვეყანას ხორბლის ორთვიანი გარდამავალი მარაგით უზრუნველყოფენ.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე უწინდებურად მაღალია. 2022 წლის იანვარი-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.
ყველა ახალი ამბავი
0