მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანტიჩინური შეთანხმება: აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია ბირთვულ სუბმარინებს ააგებენ

© AP Photo / Lt. Rebecca Rebarich
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობაში სამმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ალიანს AUKUS-ის წევრების ხელმოწერა სან-დიეგოს საზღვაო ბაზაზე გაიმართა (აშშ, კალიფორნია).
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, აღნიშნული პროექტი, რომელიც ჩინეთის შეკავებას ისახავს მიზნად, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფლებასა და გახსნილობას უზრუნველყოფს აშშ-ის „ყველაზე სანდო მოკავშირეებთან ერთად“, რიში სუნაკმა კი პროექტს „მძლავრი პარტნიორობა“ უწოდა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სამი წყალქვეშა ფლოტი ერთობლივად იმოქმედებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეში და ჩვენი ოკეანეების თავისუფლებას უზრუნველყოფს“, — აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
შეთანხმების პირობების თანახმად, შეერთებული შტატები ავსტრალიას სამ ბირთვულ მოიერიშე წყალქვეშა ნავ Virginia-ს მიაწვდის, რომლებსაც General Dynamics აწარმოებს მომდევნო ათწლეულის დასაწყისისთვის. ავსტრალიას ასევე ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს კიდევ ორი ​​ასეთი წყალქვეშა ნავი.
დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, ბრიტანული პროექტის საფუძველზე და თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი კლასის სუბმნარინ AUKUS-ის წარმოებას დაიწყებენ თავისი საჭიროებისთვის. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი პირველ ასეთ წყალქვეშა ნავს 2030-იანი წლების ბოლოს მიიღებს, ავსტრალია კი 2040-იანი წლების დასაწყისში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წყალქვეშა ნავების აგებაზე კომპანია BAE Systems და Rolls-Royce იმუშავებენ. ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, 2055 წლისთვის ამ პროექტის დაფინანსებაზე 245 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
ამასთან ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია წყალქვეშა ნავებზე, რომლებიც ბირთვულ ენერგიას საწვავად იყენებენ, და არა ბირთვული იარაღის მზიდებზე.
„ამ ნავებს არ ექნება არანაირი ბირთვული იარაღი“, — განმარტა მან.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკული და ბრიტანული წყალქვეშა ნავები არაუგვიანეს 2027 წლისა იქნება ბაზირებული დასავლეთ ავსტრალიაში — როტაციულ საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ 1950 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აშშ წყალქვეშა ნავების ბირთვული ძრავების ტექნოლოგიას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0