დაკარგავს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობას პარლამენტში: პოლიტიკოსების შეფასებები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის დეპუტატები
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
კახა კალაძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პარლამენტში უმრავლესობას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს.
კალაძე ასე გამოეხმაურა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი მმართველი გუნდის დატოვებას გეგმავს. კალაძის თქმით, ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს მოსახლეობის დეზინფორმაციას.

„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა. არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მედიის ვერსიები

რამდენიმე დღეა მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ხელაშვილი, დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია „ქართული ოცნების“ რიგებიდან წასვლას აპირებენ. თუმცა თავად დეპუტატებს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებიათ.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური მედია ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა.

„უმრავლესობის დაშლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს წასვლა, დარჩენა, ან პოზიციის შეცვლა, ეს არც აქამდე იზღუდებოდა და მომავალშიც არ შეიზღუდება.

რა შემთხვევაში დაკარგავს „ქართული ოცნება“ უმრავლესობას

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა დაშლილად ითვლება, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა 76 დეპუტატზე ნაკლები გახდება.
ბოლოს უმრავლესობას დაშლის საფრთხე შეექმნა 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც რამდენიმე დეპუტატმა დატოვა „ქართული ოცნება“ და ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“. თუმცა პარტიისა და ფრაქციის დატოვების მიუხედავად, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა გადაწყვიტეს. ამჟამად უშუალოდ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 74 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, რომელიც სიით 150 დეპუტატისგან შედგება.
სწორედ „ხალხის ძალა“ გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რეესტრი საქართველოში, და წარადგინა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების ორი ვერსია. კანონპროექტების წინააღმდეგ აგორებულმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია ის, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ინიციატივას, გაიწვიეს კანონპროექტები და პირობა დადეს, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებიან ამ საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0