საპატრიარქო: დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა მართებს როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 08.03.2023
აქციის დაშლა. 08.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ორი დღეა პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი იკრიბება და პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებს.
თბილისი, 9 მარტი - Sputnik. ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან, ასე გამოეხმარა საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.
ორი დღეა პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი იკრიბება და პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებს.
ვითარება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ბარიერები მოხსნეს და პოლიციის მიმართულებით ბოთლებისა და კვერცხების სროლა დაიწყეს. ამის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ამ დროისთვის სპეცრაზმმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ტერიტორია უკვე გაწმინდა. პოლიციასა და „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ძალოვანებმა აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, „წიწაკის სპრეი“, ცრემლსადენი აირის კაფსულები. დაშავებულები არიან როგორ აქციის მონაწილეები, ისე ძალოვანები.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ეკლესია გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის“.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო გამოეხმაურა ზოგიერთი სასულიერო პირის გამოსვლას ისეთ პოლიტიკურ თემებზე, როგორიცაა „ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპათიები“ თუ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა“ და აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები. პოლიციამ 76 ადამიანი დააკავა.

პროტესტის მიზეზი

მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0