პარლამენტთან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტთან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები
პარლამენტთან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციაზე ვითარება დაიძაბა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა, იუწყება „ტვ პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ისინი დაშავებულებს დახმარებას უწევენ.
რამდენი ადამიანი დაშავდა და დასჭირდათ თუ არა დაზარალებულებს კლინიკაში გადაყვანა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ვითარება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ბარიერები მოხსნეს და პოლიციის მიმართულებით ბოთლებისა და კვერცხების სროლა დაიწყეს.
ამის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
ამ დროისთვის ე.წ. რობოკოპებმა მხუთავი აირის, წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით აქციის მონაწილეებისგან მთლიანად გაათავისუფლეს როგორც პარლამენტის მიმდებარე ქუჩები, ასევე რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორია.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქციის მონაწილეები „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროტესტის მიზეზი

მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0