ნაგვის ვედროზე უარესი: დასახელდა მიკრობებით ყველაზე დაბინძურებული ნივთი სამზარეულოში

© Pixabay / Giovanniსამზარეულო
სამზარეულო - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ სამზარეულოში, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლისა და ნაგვის ვედროს გარდა, სხვა არაერთი დაბინძურებული ნივთიც არსებობს, მაგრამ ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ მათ შორის ყველაზე სახიფათო — სანელებლების ქილებია, წერს Daily Express.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ, რომლის შედეგებიც სამეცნიერო ჟურნალ Journal of Food Protection-ში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ სანელებლების ჭურჭელი „დაავადებების გავრცელების მოულოდნელი წყაროა“. ამის მიზეზად მეცნიერები მიიჩნევენ პროცესს, რომელსაც ჯვარედინი დაბინძურება ან დასნებოვნება ეწოდება, ანუ როდესაც მიკრობები ერთი ობიექტიდან ან პროდუქტიდან სხვაზე გადადის.
მკვლევარების თქმით, მაშინ, როდესაც სამზარეულოში არსებულ სხვადასხვა ზედაპირებზე დაბინძურება მხოლოდ 20%-ია, სანელებლების ქილებზე თითქმის 50%-იანი დაბინძურება მოდის.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი სანელებლის კონტეინერი, რომელსაც უმი ხორცის მომზადებისას ეხებით, შეიძლება ჯვარედინად დაბინძურდეს. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი დონალდ შაფნერი.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ჯვარედინი დაბინძურების შესახებ საკუთარი ჰიპოთეზა და მოხალისეებს ინდაურის ხორცისგან კოტლეტების მომზადება სთხოვეს. მოხალისეებმა არ იცოდნენ, რომ მეცნიერები ექსპერიმენტის მსვლელობისას მათ ქმედებებსაც დააკვირდებოდნენ.
იმისათვის, რომ სამზარეულოში პათოგენური მიკროორგანიზმების გადაადგილება აღეწერათ, მკვლევარებმა იმიტაციის ხერხს მიმართეს: მათ ინდაურის ხორცი წინასწარ დააბინძურეს უსაფრთხო ბაქტერიოფაგ MS2-ით – ვირუსით, რომელიც აინფიცირებს ბაქტერიებს, ხოლო ადამიანზე გავლენას არ ახდენს.
მას შემდეგ, რაც მოხალისეებმა კოტლეტების მომზადება დაასრულეს, მკვლევარებმა ჭურჭლიდან, ნიჟარებიდან და სამზარეულოს ავეჯის ზედაპირებიდან ნაცხები აიღეს, რათა შეემოწმებინათ, იყო თუ არა გადასული მათზე MS2.
გარდა ამისა, მეცნიერებმა, რომლებიც ექსპერიმენტის დროს მოხალისეების მოქმედებებს აკვირდებოდნენ, გადაწყვიტეს ასევე შეესწავლათ სანელებლების კონტეინერები, წყლის ონკანები და კარადის სახელურებიც.
სანელებლების ქილების შემოწმებამ მკვლევარები უბრალოდ გააოგნა. აღმოჩნდა, რომ MS2-ით „დაინფიცირების“ შემთხვევების 48% სწორედ მათზე მოდიოდა. ეს კვლევის ავტორებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, სხვა ყველაზე დაბინძურებული ზედაპირები სამზარეულოებში იყო: მაცივრის სახელურები, ნაგვის ვედროს სარქველები და საჭრელი დაფები.
ამასთან, შესწავლილ ობიექტებს შორის ყველაზე ნაკლებად ინფიცირებული ონკანის თავები აღმოჩნდა.
საბედნიეროდ, მეცნიერების თქმით, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება შესაძლებელია პროდუქტის სწორი დამუშავებით, ხელების რეგულარული დაბანითა და სამზარეულოს ზედაპირებისა და ჭურჭლის დეზინფექციის გზით.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0