უცხოურ აგენტებზე ქართულ კანონში, ამერიკულისგან განსხვავებით, სანქციები არ არის - დეპუტატი

© Government of Georgiaირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. პირველი მოსმენით მივიღეთ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ქართული ვერსია, რომელშიც, ამერიკულისგან განსხვავებით, არანაირი სანქცია არ არის, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ქართული ვერსია, რომელსაც ხმა მისცა 76-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა – 13. საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.

„ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელიც არის აბსოლუტურად ძალიან მარტივი კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. ამერიკულისგან განსხვავებით, იქ არანაირი სანქციები არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ორივე კანონი გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ამერიკული ვერსია ვენეციის კომისიას პარლამენტში განხილვის გარეშე გაეგზავნა.
ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ კანონის ამერიკული ვარიანტი იმის შემდეგ წარმოადგინა, რაც ამ ინიციატივის მიმართ ცრუ კამპანია დაიწყო, რაც ორგანიზებული იყო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული მედიასაშუალებების მიერ.
კობახიძემ ოპოზიციას მოსახლეობის მოტყუებაში დასდო ბრალი>>
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0