შსს: დემონსტრანტებმა გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი პარლამენტთან. 08.03.2023
სპეცრაზმი პარლამენტთან. 08.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
„სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიცია მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის წინ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ვითარება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებთან არიან კონცენტრირებული. ცრემლსადენი გაზისა და სპრეის შედეგად დაზარალებულებს პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადები უწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მანამდე შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.
უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აქციის მსვლელობისას აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.

პროტესტის მიზეზი

პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0