შურისძიება ნამდვილქართულად: ანუ ამბავი ქმრის სისხლის ამღები ქალისა

© Pixabay / BlackDog1966მეომარი ქალი
მეომარი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
იმდენად დიდი იყო მეუღლისადმი სიყვარული, რომ სიცოცხლეს ჩალის ფასი მიეცა. ორი პატარა შვილი დედასა და ძმას ჩააბარა მოსავლელად, თავად კი, შურისძიების წყურვილით ანთებულმა, იარაღი აისხა და ისპაჰანის შორეულ და ფათერაკიან გზას დაადგა, საიდანაც დაბრუნება უკვე აღარ ეწერა...
1724 წლის მარტის დამლევს სპარსეთის შაჰი მაჰმუდი (წარმოშობით ავღანელი მირ მაჰმუდ ჰოტაკი) თავისი მარბიელი რაზმით ბრუნდებოდა ისპაჰანში. აბასაბადის ხიდს რომ მიუახლოვდნენ, უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც ცხენდაცხენ შეიჭრა რაზმის შუაგულში, ხმალი იშიშვლა და ავღანელთ დაერია — ჩეხა და კაფა შაჰის მეომრები.

ბოლოს გონს მოეგნენ მაჰმუდის მებრძოლები, ერთიანად მიესივნენ და ცხენიდან ჩამოაგდეს დაჭრილი მხედარი. არ დაინდეს წაქცეული, გამეტებით ურტყეს ხმლები უცნობ თავდამსხმელს. უეცრად ჩაჩქანი მოსძვრა თავზეხელაღებულ მეომარს და... გაოცებისგან ადგილზე გაშეშდნენ ავღანელები — ქალი აღმოჩნდა მამაცი მხედარი.

დადუმდა მაჰმუდი. შედგნენ დანარჩენებიც. ყრმობიდან ომსა და სისხლისღვრაში გაწაფულთ მსგავსი რამ არც ენახათ სადმე და არც სმენოდათ. მხედარი, რომელმაც შაჰის ოცი საუკეთესო მეომარი გაისტუმრა საიქიოს, ქალი აღმოჩნდა — ვაჟურად გადაცმული ქართველი ქალი!
სიცოცხლე აჩუქა მაჰმუდმა დაჭრილ მხედარს. სხვას არავის შეარჩენდა ოცი თანამემამულის სისხლს მრისხანე მბრძანებელი, მაგრამ მამაც ქალზე ხელის აღმართვა საკადრისად არ მიიჩნია. მტარვალი და ულმობელი იყო მაჰმუდ შაჰი, მაგრამ ადამიანში ყველაზე მეტად სიმამაცეს აფასებდა და ამიტომაც დაინდო თავდამსხმელი.

თუმცა დიდხანს ვერ იცოცხლა ქალმა, ხმლებით დაჩეხილი ხელში ჩააკვდა ავღანელებს...

ასე დასრულდა ამბავი, რომელიც ორი წლით ადრე დაიწყო.
1722 წელს ისპაჰანს ავღანთა ჯარი მიადგა დასალაშქრად. სპარსეთის შაჰ ჰუსეინის ბრძანებით ისპაჰანსა და მის მახლობელ დასახლებებში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან მამაკაცს, ვისაც კი იარაღის ტარება შეეძლო, ლაშქარში უხმეს. ზოგი ძალით წაიყვანეს, ზოგიც საგადასახადო შეღავათებით მოხიბლეს. ერთი სიტყვით, რამდენიმე დღეში შაჰმა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯარს კი მოუყარა თავი, მაგრამ უმეტესობა კომბლით აღჭურვილი, ომისთვის გაუწვრთნელი გლეხობა იყო, იარაღი რომ არასდროს სჭეროდა ხელში.
შაჰი კარგად ხედავდა ვითარების სიმძიმეს და ამადაც მოციქულები აფრინა ავღანთა ბანაკში. ელჩებმა ავღანთა ბელად მირ მაჰმუდს ჰუსეინის დანაბარები გადასცეს: თუ ავღანელები უომრად გაბრუნდებოდნენ უკან, 15 ათას თუმანს უფეშქაშებდნენ ისპაჰანის ხაზინიდან.

არ მიიღო მირ მაჰმუდმა შეთავაზება. მიხვდა, მოუმზადებლები იყვნენ სპარსელები ომისთვის და ლაშქრობა არ შეწყვიტა.
1722 წლის 6 მარტს ისპაჰანიდან რამდენიმე დღის სავალზე, გულანაბადთან ბრძოლა გაიმართა. გამარჯვება, როგორც მოსალოდნელიც იყო, ავღანელებს დარჩა.

ამ ბრძოლაში შაჰის ბანაკში მყოფი 400 ქართველიც მონაწილებდა — აბასაბადის ხიდს იცავდნენ. თავიდან წარმატებით იგერიებდნენ მტერს, მაგრამ ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ხმლების ქნევით დაღლილები სამშობლოდან გამოგზავნილ ღვინოს დაეწაფნენ გულის გადასაყოლებლად და ჯავრის გასაქარვებლად და...
ჩასაფრებული ყოფილან ავღანელები. ღვინის სმა მოთავდა თუ არა, მსტოვრებმა მირ მაჰმუდს ქართველ მეომართა თრობის ამბავი ამცნეს და იმანაც შეტევაზე გადასვლა ბრძანა. ამ იერიშს კი ვეღარ გაუძლეს ღვინით დაბანგულმა ქართველებმა. გაქცევა არავის უცდია, ოთხასივე შეაკვდა მტერს.

ავღანელებმა ისპაჰანი აიღეს და მერე ფერეიდანზეც მიიტანეს იერიში. ქართველებს ბრძოლაში გლეხი თათაშვილი გაუძღვა წინ. მეომრები მარტყოფის (სოფელი შუა ირანში) სიახლოვეს ერთ გორაზე დააყენა (ამ გორას ახლაც „თათაშვილის გორა“ ჰქვია) და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მომხდურს. რამდენიმედღიანი ამაო იერიშის შემდეგ დამარცხებული ავღანელები შმაგ გურჯებს გაეცალნენ და კიდევ ერთხელ ირწმუნეს თავიანთი დიდი ბელადის მირ ვეისის შეგონება:

„ჩვენ დიაცები ვართ გურჯებთან შედარებით!“

ამასობაში აბასაბადის ხიდთან მომხდარმა თავზარდამცემმა ამბავმა საქართველოში ჩამოაღწია. ოთხასმა დედამ ჩაიცვა შავი, ოთხასმა მამამ გმინვით დაიტირა შვილი, ბევრიც ქვრივის ძაძით შეიმოსა...

იმანაც მწარედ დაიტირა ქმარი. ოღონდ მოთქმა-გოდებაში ცხოვრება არც უფიქრია. იმდენად დიდი იყო მეუღლისადმი სიყვარული, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა. სიცოცხლეს ჩალის ფასი მიეცა. თავგანწირვა არ უმძიმდა, თუკი სიკვდილი ბედნიერებას მოუტანდა — იმ ქვეყნად საყვარელ მეუღლესთან შეყრას აღირსებდა.

ორ პატარა შვილს ხელი მოჰკიდა, დედასა და ძმას ჩააბარა მოსავლელად, თავად კი, შურისძიების წყურვილით ანთებულმა, იარაღი აისხა და ისპაჰანის შორეულ და ფათერაკიან გზას დაადგა, საიდანაც დაბრუნება უკვე აღარ ეწერა...
ყველა ახალი ამბავი
0