პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა: აქციის მონაწილეებმა ჯებირები გაარღვიეს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
ივსება
დაპირისპირება პოლიციასთან უკვე რამდენიმე საათი გრძელდება. პარლამენტთან დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჯებირები გაარღვიეს და პარლამენტის შიდა ეზოში შეაღწიეს.
სპეცრაზმი, რომელიც შიდა ჭიშკრის უკანა მხარეს იმყოფება, მათ წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, მათ შორის რეზინის ტყვიებს. მომიტინგეები პოლიციას ქვებს ესვრიან.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი უცხოური აგენტების შესახებ.
დაპირისპირება პოლიციასთან უკვე რამდენიმე საათი გრძელდება. პარლამენტთან დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები.

პროტესტის მიზეზი

პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0