პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
საქართველოს შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამარცხვინო უწოდა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება ბერლინში გააკეთა, სადაც ტურისტულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია როგორც მასპინძელი ქვეყანა.

„მინდა კომენტარი გავაკეთო ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციაზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული. რეალურად ამ ხალხმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრა, რომ ეს ადამიანი, ბატონი სააკაშვილი მათი აგენტია და მათი მსახური იყო. მათ (ევროდეპუტატებს) უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ ეს ბატონი ავიწროვებდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ატერორებდა ბიზნესს, მედიის თავისუფლება მთლიანად იყო აღკვეთილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. დოკუმენტს ევროპარლამენტის 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო 33, ხოლო თავი შეიკავა 26-მა დეპუტატმა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად".
ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
სააკაშვილის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ევროპარლამენტმა სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო>>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0