პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
კანონპროექტების განხილვა უახლოეს დროს შეჩერდება, რადგან ავტორები ვენეციის დასკვნას დაელოდებიან.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონის ე.წ. ქართული ვერსია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
კანონის წინააღმდეგ 13 დეპუტატი იყო.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტების განხილვა უახლოეს დროს შეჩერდება, რადგან ავტორები ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. სავარაუდოდ, პარლამენტი ამ კანონების განხილვას ივნისში დაუბრუნდება.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
არ მესმის ლოგიკა: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა >>
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0