პარლამენტის შენობაში მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი პარლამენტის წინ. 07.03.2023
სპეცრაზმი პარლამენტის წინ. 07.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს კოლეგებთან დიალოგისკენ მოუწოდა
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტთან უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ შეკრებილი მომიტინგეების დაშლას გმობენ და პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს მიმართავენ.
ვითარება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დარბევა გრძელდება. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ დახმარება იქ მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადება გაუწიეს.
„შალვა პაპუაშვილს მოვუწოდებ ნუ დაავიწყდება, რომ არის ამ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი, მობრძანდეს და დაგველაპარაკოს. ქუჩაში არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს... შეწყვიტონ ძალადობა ადამიანებზე ქუჩაში . შალვა პაპუაშვილი მობრძანდეს აქ და დაგველაპარაკოს კოლეგებს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დააკისრა.
„პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა რაც ახლა ხდება პარლამენტთან. მშიშარა რომ დაიმალა და გაძურწული არის აქედან. მოვუწოდებ შს მინისტრს და პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს უკანონობა, დაუყოვნებლივ აღკვეთეთ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თამარ კორძაიას განცხადებით, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე დღეს ასამარებენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას.
„ჩვენ ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის როდიონოვის მიერ 9 აპრილს განხორციელებული მოქმედება. დღეს ქუჩაში მყოფი ადამიანები იცავენ აქ ქვეყნის დამოუკიდებლობას, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე დღეს ასამარებენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებთან არიან კონცენტრირებული. ცრემლსადენი გაზისა და სპრეის შედეგად დაზარალებულებს პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადები უწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება და როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ასევე, შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.
უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აქციის მსვლელობისას აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.

პროტესტის მიზეზი

პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
არ მესმის ლოგიკა: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა >>
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0