მოსაზრება: ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ

© photo: Sputnik / Dmitry Parshin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
აშშ-ის საარჩევნო რბოლამ მოულოდნელი მიმართულება მიიღო. ამერიკელები დაიღალნენ კამათით, ვინ უფრო უარესია: ბაიდენი თუ ტრამპი, მიაჩნია „რია ნოვოსტის“ მიმომხილველს.
აი, რას წერს იგი:
როგორც გამოცემა The American Thinker წერს, „ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე ისურვებდა, რომ ლიდერად პუტინის მსგავსი ადამიანი ენახა. რესპექტაბელური ინტერნეტ-რესურსი აღნიშნავს, რომ რიგით ამერიკელებში რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა იზრდება, მიუხედავად მთელი რუსოფობიური პროპაგანდისა, „მისი მოჩვენებითი მეომრობის მიღმა ამერიკელები პუტინში პიროვნებასა და ლიდერს ამჩნევენ, რომელიც თავის ქვეყანასა და ხალხზე ბევრად უფრო გულმოდგინედ ზრუნავს, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს ჩვენზე“.
კარგი, American Thinker კონსერვატიული გამოცემაა. მაგრამ ყველაზე ლიბერალური ბრიტანული Guardian-იც კი იძულებულია იგივე აღიაროს. კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებების ახლად დასრულებულ კონფერენციაზე ამერიკელები გამუდმებით ადარებდნენ პუტინსა და ბაიდენს, აგინებდნენ „ომის გამღვივებლებს“ დემოკრატიული პარტიიდან და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ფულადი ინექციების შეჩერებას მოითხოვდნენ.
„მე მომწონს პუტინი, — განუცხადა კონფერენციის მონაწილემ The Guardian-ს. — ვფიქრობ, მას აქვს გამბედაობა და ზრუნავს თავის ქვეყანაზე“.
საიდან გაუჩნდათ უცებ ასეთი სიყვარული რუსეთის ლიდერის მიმართ? ჩვენებურებს ამაში მაშინვე რაღაც ჩასაფრება ეჩვენებათ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ უსირცხვილოდ ეპირფერებოდნენ საბჭოთა ლიდერებს ამერიკულ მასმედიაში იმ წლებში, როდესაც ისინი საბჭოთა კავშირს ანადგურებდნენ.
მაგრამ დღეს ყველაფერი პირიქითაა. ოფიციალურ ანგლოსაქსურ მასმედიაში პუტინი კვლავ „დოქტორ ბოროტებად“ არის წარმოდგენილი. მაგრამ ხალხის მასებს შეერთებულ შტატებში ბევრად უფრო რთული დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. რუსეთის პრეზიდენტისადმი ამერიკული სიყვარულის აფეთქება პარადოქსია, მაგრამ ეს მისმა უკიდურესად მკაცრმა პოზიციამ განაპირობა რუსეთის მტრების მიმართ.
ერთი კვირის წინ ამერიკელ პარტნიორებს ოფიციალურად ეცნობათ რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ, შეაჩეროს მონაწილეობა Nes Start-ში. ამან აფეთქებული ბომბის შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენს სტრატეგიულ ოპონენტებს ამ ნაბიჯზე პასუხი ჯერ არ აქვთ.
სამაგიეროდ ისინი ძალიან სწრაფად მიხვდნენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის გაფრთხილებები ბლეფი არ არის. მანამდე ზოგიერთი „ექსპერტი“ ამტკიცებდა, რომ რუსეთის განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. დღეს ასეთ „ექსპერტებს“ საკუთარი კოლეგები ავანტიურიზმში სდებენ ბრალს.
და, აი, შეერთებული შტატების ფართო მასები საინტერესო დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი სტრატეგიული მტერი ქვეყნის მეთაური ღიად აფრთხილებს თეთრ სახლს, არ ჩაერიოს უკრაინის კონფლიქტში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შესაძლოა ბირთვულ ომამდე მიიყვანოს საქმე. ანუ პუტინი ავლენს პასუხისმგებლობასა და ზრუნვას მილიონობით ადამიანის ბედზე.
ამავდროულად მათი ლიდერი ჯიუტად განაგრძობს უკრაინის საკითხში ჩარევას და სულაც მოიფურთხებია იმისთვის, რომ მისი ავანტიურებისთვის მილიონობით რიგით ამერიკელს მოუწევს საფასურის გადახდა. თეთრი სახლის მასპინძელი მზადაა შეერთებული შტატების ხალხი რადიოაქტიურ ჯოჯოხეთში ჩააგდოს, ხოლო ის და მისი შვილი ბუნკერში დაიმალებიან.
აქ კიდევ ზელენსკი გამოხტა ძალიან შეუფერებელი განცხადებით, რომ ამერიკელებს თავიანთი ვაჟებისა და ქალიშვილების გაგზავნა მოუწევთ „უკრაინისთვის თავის დასადებად“. ჯო ბაიდენმა კი არც კი შეაჩერა იგი.
რიგითი ამერიკელები, ისინი, ვისაც ფული არ აქვს ბუნკერის საყიდლად ან ახალ ზელანდიაში წასასვლელად, ხედავენ, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ზრუნავს მათ და მთელი მსოფლიოს მომავალზე. და ეს მაშინ, როდესაც მათი ლიდერები მზად არიან მთელი კაცობრიობა ბირთვული ომის საშინელებაში ჩააგდონ. ბუნებრივია, რომ ამერიკელები სოციალურ ქსელებში წერენ, პუტინის მსგავსი გვინდაო.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რუსეთის გადაწყვეტილებამ START-დან გასვლის თაობაზე მკვეთრად გაზარდა ამერიკულ საძიებო სისტემებში ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა: „რამდენი სტრატეგიული რაკეტა აქვს რუსეთს“ და „რამდენად სწრაფად მოაღწევს რუსული რაკეტები შეერთებულ შტატებს“. ამასთან, მილიონობით ამერიკელი მიხვდა, რომ ისინი თანაბარზომიერ ძალას დაუპირისპირდნენ.
აქამდე ისინი მხოლოდ არაბირთვულ ქვეყნებს ებრძოდნენ — სუსტი არმიითა და კორუმპირებული ელიტებით. ისინი საერთოდ არ აღიქვამდნენ ამ ქვეყნების მცხოვრებლებს ადამიანებად — კოლონიურ ცხოველებად მიაჩნდათ.
აი, თანაბარი ძალის მქონე ქვეყნის მიმართ კი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ამერიკელები რუსეთს თანაბარ მოწინააღმდეგედ აღიქვამენ და აღიარებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ინტერესები გაგვაჩნდეს.
რუსი ლიბერალები ათწლეულების განმავლობაში წუწუნებდნენ, რომ რუსეთის მეომრული პოლიტიკა ყველა ქვეყანასთან გვაჩხუბებდა. სინამდვილეში ეს სრულიად საპირისპიროდ მუშაობს. ძალის დამაჯერებელი დემონსტრირება პატივისცემას შთააგონებს, პატივისცემას ინტერესების აღიარება მოჰყვება, რის შემდეგაც შეიძლება მშვიდობა და მეგობრობა წამოიშვას. მხოლოდ ამ თანმიმდევრობით, სხვაგვარად არა.
გაოგნებულმა დამკვირვებლებმა სიძულვილის სიყვარულში გადაზრდის ყველაზე რადიკალური მაგალითი ომის შემდგომ იაპონიაში დაინახეს. ჰიროსიმას, ნაგასაკის, ტოკიოს არაადამიანურმა განადგურებამ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, გამოიწვია არა პარტიზანული ომი, არამედ ამერიკით ისტერიული აღტაცება.
რუსეთს ამერიკასავით სასტიკად მოქცევა არ სჭირდება. საკმარისი იყო უბრალოდ გამოგვეცხადებინა, რომ START-ში მონაწილეობას ვაჩერებთ, რომ, ამერიკული ოფიციალური მასმედიის ყველა სიცრუის მიუხედავად, აშშ-ის ფართო მასები პრეზიდენტ პუტინის მიმართ თბილი გრძნობებით გამსჭვალულიყო.
ტელეარხი Newsmax კი საკუთარ ვებ-გვერდზე დმიტრი მედვედევის პოსტს აქვეყნებს. ამ პუბლიკაციაში არანაირი კრიტიკა არ არის — ჟურნალისტები უბრალოდ ციტირებენ რუსეთის ექს-პრეზიდენტის სიტყვებს, რომ „ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ყველა სახის იარაღით, მათ შორის ბირთვულითაც“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოედს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0