სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ქალების 48% ეკონომიკურად არააქტიურია

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და კიბერბულინგის პრობლემის აქტუალურობაზე.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა უფლებების დასაცავად, თუმცა, მიუხედავად პროგრესისა, ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით სოფლად – 24-35 წლის ქალების 48% ეკონომიკურად აქტიური არ არის, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქალი პოლიტიკოსების ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, რაიმე სახის ძალადობა განუცდიათ. სულ ახლახან კიდევ ერთი გამოწვევა გაჩნდა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება", – განაცხადა მან.

პრეზიდენტის აზრით, ქალთა როლის გაძლიერების დახმარებით შეიძლება ერთიანი მიზნის მიღწევა – ძლიერი, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების აშენება.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ფემიციდის პრევენციის ოფიციალური ჯგუფია შექმნილი, მიღებულია ახალი სახელმწიფო კონცეფცია „გენდერული თანასწორობის შესახებ", ძალადობის მსხვერპლთათვის მოქმედებს სოციალური და სახელმწიფო სერვისები, გაზრდილია გენდერული კვოტები, რამაც შესაძლებელი გახადა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა რაოდენობის გაზრდა.
მიუხედავად ამ სიახლეებისა, ქვეყანა მაინც დგას ამ მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე, დასძინა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, ქალებისთვის ტექნოლოგიები ახალი საზღვარია. ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში რევოლუციას ახდენს, შესაძლებელს ხდის იმას, რის შესახებაც ადამიანებს მარტო ოცნება შეეძლოთ.
ინოვაციები ყვავის ყველა სფეროში, იქნება ეს მედიცინა, ეკონომიკა, განათლება თუ ხელოვნება. ინოვაციები ყოველ წამს ჩნდება. ამან უნდა გაუადვილოს ცხოვრება ყველას და განსაკუთრებით ქალებს – დისტანციური მუშაობა, სწავლა. ეს ამცირებს დროსა და მანძილს, აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მიუხედავად ამ მიღწევებისა, ტექნოლოგიები ქალების, მათ შორის, ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის ახალ ფორმებს ქმნის – ეს არის სიძულვილის ენა და ე.წ. „ტროლინგი", აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ეს გენდერული ძალადობა მიზანში იღებს ქალებს და მათ შვილებს და, შესაბამისად, ხელს უშლის მათ საქმიანობას.

„ანონიმურობასა და უპასუხისმგებლობას ამოფარებული, ძალადობის ეს ახალი ფორმა დამანგრეველ გავლენას ახდენს ქალებისა და გოგონების ახალ თაობებზე და ხელს უშლის მათ პოლიტიკაში შესვლას", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გლობალურად მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მხოლოდ 22%-ია ქალი, მაგრამ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების 70% ქალი და გოგონაა. ყოველი სამი ქალიდან ერთი ამბობს, რომ გენდერული ძალადობა განუცდია. აქედან გამომდინარე, ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უაღრესად მნიშვნელოვანია, განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 5 მარტს გაემგზავრა, ის მონაწილეობას იღებს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის მუშაობაში. სესია ნიუ-იორკში 6-17 მარტის პერიოდში იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0