შუალედური არჩევნები: დაიწყო კონკურსი საუბნო კომისიების წევრების შესარჩევად

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
ათობით საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიის 1.312 წევრი უნდა აირჩიონ.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებში შუალედური და რიგგარეშე არჩვნებისთვის, რომელიც საქართველოში 29 აპრილს ჩატარდება, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევად კონკურსი ტარდება.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ათ საარჩევნო საოლქო კომისიაში საუბნო კომისიების 1.312 წევრი უნდა შეარჩიონ, მათ შორის 492 ხელმძღვანელი პირი.
კანდიდატების რეგისტრაცია ორშაბათს, 6 მარტს დაიწყო და ხუთშაბათს, 9 მარტს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში როგორც მატერიალური სახით, ისე სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – konkursi.cec.gov.ge.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვინც აკმაყოფილებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების საწყის ეტაპზევე ჩაერთონ პროცესში, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას“, – განაცხადა იოსელიანმა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, ვადებისა და შერჩევის პროცედურის შესახებ განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიებში ან ტელეფონით – 2 51 00 51.
„მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის პროცესი წარმართონ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად და ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას“, – განაცხადა იოსელიანმა.
არჩევნები 29 აპრილს 164 უბანზე გაიმართება. კონკრეტული რაიონების მოსახლეობა აირჩევს საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს და ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მერებს.
შუალედური არჩევნები საქართველოში: წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო>>
არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.
პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 24 მარტს დასრულდება. საარჩევნო ბიულეტენში მათი რიგითობა 30 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი. იმავე დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები მუშაობას დაიწყებენ.
ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა სამმა პარტიამ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0