გორში სტალინისტებმა „ბელადის“ გარდაცვალების დღე აღნიშნეს - ვიდეო

გამოწერა
კვირას, 5 მარტს, „ბელადის„ გარდაცვალების დღიდან 70 წელი შესრულდა. გორში კომუნისტური პარტიის წევრები სტალინის სახლ-მუზეუმთან მისი პორტრეტებითა და ყვავილებით მივიდნენ
1878 წლის 18 დეკემბერს გორში მეწაღის ოჯახში დაიბადა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. 1894 წელს გორის სასულიერო სემინარიაში სწავლა დაასრულა და იმავე წელს თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. რუსი მარქსისტების ზეგავლენით ის რევოლუციური მოძრაობის წევრი გახდა. 1898 წლის აგვისტოში სტალინი რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაწევრიანდა.
1922 წლის აპრილში ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს და ამ პოსტს იკავებდა 30 წლის განმავლობაში. 1929-1933 წლებში, რა პერიოდსაც „დიდი გარდატეხის“ წლებს უწოდებენ, ძალადობრივი მეთოდებით დაიწყო კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. 1936 წლის დეკემბერში სსრკ-მა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის არაოფიციალური სახელწოდება იყო „გამარჯვებული სოციალიზმის კოსნსტიტუცია“.
სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ — შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად.
სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, „დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, „გამარჯვების“ 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით.
1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. ის მოსკოვში, წითელ მოედანზე დაკრძალეს.
ყველა ახალი ამბავი
0