ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2023
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი კიდევ რამდენიმე პირს, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარედგინა „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ ბრალდება კიდევ სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +”-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“ წარუდგინა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა გასული წლის 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გადარჩა ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე.
ბავშვები წყლიდან მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი ყველა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ელექტრო ტრავმის შედეგად მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
ამ დრომდე აღნიშნულ სისხლის საქმეზე დაკავებული იყო ცხრა ადამიანი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
პროკურატურის ცნობით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც.
კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც „გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო. ასევე, ექსპერტიზებით დადასტურდა, რომ „გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური).
გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, გამოძიების შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომლის მიხედვით მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში „გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები.
„მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საბოლოოდ, შპს „გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
უწყების მტკიცებით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტების გარეშე მიიღო.
რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, უწყების ცნობით, 2020 წლის 18 მაისს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს LMC-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით კი, LMC-მ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიან“-ს მიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული შპს-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაიანში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს LMC-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა.
ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალდებას მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, გასული წლის ოქტომბერში გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ მან განაცხადა, მომხდარი ტრაგედიის გამო მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სრულად ითანამშრომლებდა გამოძიებასთან.
წყარო - პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0