აქცია პარლამენტთან: უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
სამართალდამცველებმა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2 მარტს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის ორი მონაწილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის 2 მარტს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების — ბ.გ-სა და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს, რათა ობიექტური გამოძიება უზრუნველყოს.
ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვას პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები განხილვაში მონაწილე დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მანქანებს კვერცხები ესროლეს. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს. ამ დროისათვის მათგან შვიდი გათავისუფლებულია, ადმინისტრაციულ პატიმრობაში 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
ყველა ახალი ამბავი
0