8-წუთიანი გართობა ერთსაათიან პრობლემას იწვევს: მოერიდეთ ძილის წინ

© Pexels / SHVETS production / Insomniaუძილობა
უძილობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ძილის წინ ტელეფონით რამდენიმე წუთით სარგებლობა ორგანიზმს ერთი საათით ააქტიურებს და, გარდა იმისა, რომ დაძინებას უშლის ხელს, სხვა სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს, აცხადებენ მეცნიერები.
აშშ-ის ძილის ინსტიტუტის სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ 78%-მა მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ ე.წ. საპასუხო პროკრასტინაცია, ანუ ძილის გადადება გამოავლინა.
მეცნიერთა დასკვნით, ძილის წინ ტელეფონის ცისფერი შუქით მხედველობის ნერვის ფოტორეცეპტორული უჯრედების 8-წუთიანი სტიმულაცია ერთ საათზე მეტი ხნით ააქტიურებს ორგანიზმს და ბიოლოგიური საათის დარღვევას იწვევს.

ანუ, თუ ძილის წინ ტელეფონში სულ რაღაც 8 წუთით „ჩაიჭყიტებით“, დაძინებას, სულ ცოტა, ერთი საათის განმავლობაში ვეღარ მოახერხებთ.

ამავე კვლევით ისიც დადგინდა, რომ ძილის წინ მობილურით სარგებლობა სწრაფი ძილის ფაზას 14%-ით ამოკლებს.
გარდა ამისა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებსაც ჩვევად ჰქონდათ ქცეული მობილური ტელეფონებით გართობა ძილის წინ, პრაქტიკულად ვერ იცავდნენ ბალანსს მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის.

სხვა პრობლემები

მიუხედავად იმისა, რომ ძილის წინ მობილური ტელეფონით სარგებლობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი მეცნიერულად ჯერჯერობით დადასტურებული არ არის (სააამისოდ უამრავი კვლევის ჩატარებაა საჭირო), ამ ჩვევას მაინც შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა ადამიანისთვის.
ესენია:
თვალების დაავადება — ძილის წინ ტელეფონის გამოყენება გავლენას ახდენს ცილიარულ კუნთზე, რომლის წყალობითაც ხდება თვალების ფოკუსირება ახლო და შორ ობიექტებზე. როცა დამიანი დიდხანს უყურებს ტელეფონის ეკრანს, ცილიარული კუნთის ფუნქციები სუსტდება, რასაც თან ახლავს თვალების დაღლილობა და მხედველობის დაბინდვა.
ამასთან ზოგ ადამიანს ტელეფონში „ჯდომა“ სიბნელეში ურჩევნია, რაც ბადურის მაკულას აღიზიანებს. ამან კი შეიძლება ხელი შეუწყოს გლაუკომის განვითარებას, ბადურის ასაკობრივ პათოლოგიებსა და სხვა დაავადებებს, რომლებიც სიბრმავეს იწვევს.
კანის ხარისხის გაუარესება — ეკრანის ცისფერი სინათლის ტალღა უფრო გრძელია, ვიდრე ულტრაიისფერი სხივისა. ამიტომ ის უფრო სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და უჯრედული დნმ-ის ჟანგვით დაზიანებას იწვევს. ეს ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის დაქვეითებას, კანის გაუხეშებასა და ფორების გაფართოებას.
გარდა ამისა, ცისფერი შუქი ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც კანის დაბერებას აჩქარებს.
შაკიკი — ტელეფონის ეკრანიდან თვალები უამრავ ვიზუალურ სიგნალს იღებს, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს ტვინზე.
გარდა ამისა, ტვინზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ეკრანის ცისფერი შუქიც, რომელიც აღაგზნებს მას და დიდი ხნით უშლის ხელს მოსვენებაში. ეს კი საგრძნობლად ზრდის უძილობისა და შაკიკის ალბათობას.
სახსრების დაავადებები — ტელეფონზე თავდახრილ მდგომარეობაში ჯდომა დიდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გავლენას მოახდენს კისრის მალების ნორმალურ მრუდზე და დეგენერაციულ ცვლილებებს გამოიწვევს.
გარდა ამისა, ტელეფონით სარგებლობისას ადამიანი მაღალი ინტენსივობის განმეორებით მოძრაობებს ასრულებს თითებით. მყესებისა და მისი გარსის გადაჭარბებული ხახუნი კი ტრავმული ანთებას იწვევს, რასაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: მოძრაობის შეზღუდვა, სახსრების ტკივილი და შეშუპება.

ხუთი რჩევა

რა თქმა უნდა, ჯობს ძილის წინ არც კი გაიხედოთ ტელეფონისკენ, მაგრამ თუ ამ ჩვევაზე უარის თქმა გიჭირთ, ჯანმრთელობის პრობლემების შესამცირებლად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი.
ხანგრძლივობა — რაც უფრო ნაკლებად იყენებთ ტელეფონს, მით უკეთესი. რეკომენდებული ხანგრძლივობა 20 წუთია. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ კისრისა და მხრების რეგულარულ მოძრაობებს. შეგიძლიათ ოდნავ ასწიოთ მხრები, შეატრიალოთ კისერი და დაიფერთხოთ ხელები სახსრებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად.
პოზა — არ არის რეკომენდებული ტელეფონის ეკრანისთვის ცქერა, როდესაც მუცელზე ან გვერდულად წევხართ. ასევე მიუღებელია დიდი ხნით თავდახრილი ჯდომა. უმჯობესია ეკრანი თვალის დონეზე გეჭიროთ, ან ზურგზე წამოწვეთ. ეს შეამცირებს დაწოლას ხერხემალზე.
დახრის კუთხე — ტელეფონის ეკრანი პირდაპირ თვალებში არ უნდა „გიცქერდეთ“. დახარეთ ის 45 გრადუსით ქვემოთ და დაიჭირეთ თვალებიდან 30-50 სანტიმეტრის დაშორებით.
მხედველობის დაცვის რეჟიმი — ტელეფონში „ჯდომისას“ რეკომენდებულია მხედველობის დაცვის რეჟიმის ჩართვა. ეს, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს თვალის დაღლილობის მოხსნას, ასევე არ აძლევს ცისფერ შუქს იმის საშუალებას, რომ მელატონინის წარმოქმნა დათრგუნოს.
სინათლე — ღამით ტელეფონით სარგებლობისას არ ჩააქროთ შუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალების დაღლილობას, ტკივილს, მხედველობის დაბინდვასა და სხვა პრობლემებს ვერ ასცდებით. გარდა ამისა, როდესაც სიბნელეში ტელეფონის განათებულ ეკრანს უმზერთ, თვალის გუგები ფართოვდება. ეს კი ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, რომლებიც სიბრმავეს იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0