ბირთვული იარაღის გამოყენებით: რუსეთი ახალი სახის სამხედრო ოპერაციას ამუშავებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. აშშ-ის მხრიდან შესაძლო აგრესიისგან თავის დასაცავად რუსეთში სამხედრო ოპერაციების ახალი ტიპის შექმნაზე მუშაობენ ბირთვული იარაღის გამოყენებით, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჟურნალ „ვოენნაია მისლზე“ დაყრდნობით.
როგორც სამხედრო ჟურნალის პუბლიკაციაშია ნათქვამი, აშშ თანდათან კარგავს მსოფლიოში ლიდერის პოზიციას და, გამომდინარე იქიდან, რომ ვაშინგტონი მსოფლიო ჰეგემონობის დაკარგვაში რუსეთს მიიჩნევს მთავარ დამნაშავედ, იზრდება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური კურსის აგრესიულობა რუსეთის მიმართ.
ამასთან, სტატიის ავტორების აზრით, შეერთებული შტატები რუსეთის განადგურებას „სტრატეგიული (გლობალური) მრავალსფერული ოპერაციის ფორმით“ აპირებს.
გამოცემის განმარტებით, ამ ოპერაციის ფარგლებში პენტაგონი რუსული სტრატეგიული ბირთვული ძალების მინიმუმ 65-70%-ის განადგურებას გეგმავს ჩვეულებრივი მყისიერი გლობალური შეტევით. ხოლო დარჩენილი რუსული ბირთვული იარაღის მატარებლების განეიტრალებას გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით აპირებს, რის შემდეგაც მინიმალურად საკმარის ბირთვულ დარტყმას მიაყენებს რუსეთს მისი განადგურების მიზნით.

„რუსეთის სტრატეგიული მრავალსფერული ოპერაციის გზით განადგურების თაობაზე პენტაგონის აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელების მცდელობებთან დასაპირისპირებლად ჩვენი სამხედრო ექსპერტები მთავარ იარაღად და ინსტრუმენტად განიხილავენ და აქტიურად ამუშავებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გამოყენების პერსპექტიულ ფორმას: შეკავების სტრატეგიული ძალების ოპერაციას“, — ნათქვამია სტატიაში.

როგორც რუსი სამხედრო მეცნიერები აღნიშნავენ, ამ ტიპის ოპერაცია „გულისხმობს უახლესი და თანამედროვე სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი, ბირთვული და არაბირთვული იარაღის გამოყენებას“.
რუსული ოპერაციის სამიზნეებს შორის დასახელებულია აშშ-ისა და ნატოს მყისიერი გლობალური დარტყმის არეკვლა, რათა რუსული სტრატეგიული შეტევითი ძალების დიდი დანაკარგები თავიდან იყოს აცილებული.
გარდა ამისა, ასეთი ოპერაციის დროს უნდა „დაითრგუნოს ამერიკული გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემა“, რათა ჰაერში რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურების შესაძლებლობა გამოირიცხოს. ოპერაციის დასკვნითი ეტაპი კი აგრესორისთვის დარჩენილი ბირთვული პოტენციალით ზიანის მიყენებას გულისხმობს.
როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, აშშ-ის აგრესიის აღსაკვეთად აუცილებელია მისთვის იმის დამაჯერებელი დემონსტრირება, რომ მოსკოვს შეუძლია შეაკავოს ნატოს სტრატეგიული მრავალსფერული ოპერაცია.
ანუ, მათი აზრით, რუსეთს სჭირდება ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც დამაჯერებლად აჩვენებს აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ გლობალური ოპერაციის დროს რუსეთისთვის გადაჭარბებულად კრიტიკული ზიანის მიყენებას ვერ შეძლებს. ამასთან, ამ ინსტრუმენტების დემონსტრირებით შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიაზროს თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების უუნარობა, სრულად დაიცვას შტატების ტერიტორია საპასუხო ბირთვული დარტყმებისგან და მისთვის მიუღებელი ზიანისგან.
ყველა ახალი ამბავი
0