მოსაზრება: შიმშილის აჩრდილი - რა საფასურს იხდის ევროპა ანტირუსული სანქციებისთვის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკალათა სუპერმარკეტიდან
კალათა სუპერმარკეტიდან - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
ნადეჟდა სარაპინა
დიდ ბრიტანეთში ბოსტნეულის ფასი ოთხჯერ გაიზარდა და მწვავე დეფიციტიც წარმოიქმნა. სუპერმარკეტების მსხვილი ქსელები იძულებული არიან ეკონომიურად გაყიდონ პროდუქცია. ფერმერთა კავშირი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაეხმაროს სოფლის მეურნეობის ენერგეტიკაზე დამოკიდებულ სექტორებს. მთავრობა კი მოსახლეობას ძირხვენებზე გადასვლას სთავაზობს, წერს „რია ნოვოსტის“ ავტორი.

გასროლა ფეხში

სამი კიტრი, პომიდორი ან წიწაკა ერთ მომხმარებელს – როგორც ომის შემდგომ წლებში. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჟოლო ასევე შეზღუდულად იყიდება. მთავრობა განმარტავს: ეს ესპანეთსა და მაროკოში უეცარი აცივების ბრალია.
თუმცა ხალხი ყველა უბედურებას ლონდონის არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას უკავშირებს: ჯერ – Brexit, ახლა – უარი რუსულ ენერგორესურსებზე. ელექტროენერგიის ტარიფები რამდენჯერმე გაიზარდა, სათბურების შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. მაგრამ ფერმერების თხოვნას, დაეხმარონ, გარემოს დაცვის მინისტრი ტერეზა კოფი პასუხობს, რომ „არ შეუძლია ამინდის გაკონტროლება ესპანეთში“, და ურჩევს მათ სალათისა და პომიდვრის ჩანაცვლებას ბოლოკითა და სხვა ძირხვენებით. მისი სიტყვებით, დეფიციტი ერთ თვეს გასტანს.
იმათ კი, ვისაც საკვებისთვის ფული არ ჰყოფნის, მეტ შრომას სთავაზობს. „შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი დამატებით რამდენიმე საათით მუშაობა, კვალიფიკაციის ამაღლებაა“, – აღნიშნავს მინისტრი.
ფერმერთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე მინეტ ბატერსი კი აღნიშნავს: სოფლის მეურნეობასთან არასერიოზული დამოკიდებულება გამოიწვევს ეკონომიკის შენელებას. ევროკავშირიდან გამოსვლამ დიდ ბრიტანეთში სურსათის მიწოდება არამომგებიანი გახადა. სატვირთოები ვერ იტვირთება ადგილობრივი საქონლით, როგორც ეს ადრე იყო, და იძულებულია, ცარიელი დაბრუნდეს. ქვეყანა ზედმეტად არის დამოკიდებული იმპორტზე, სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია.
ბრიტანეთის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ჯეკ უორდის აზრით, სირთულეებს ინფლაცია იწვევს. ელექტროენერგია და მუშახელი გაძვირდა, სათბურები კოტრდებიან. გარდა ამისა, მცირდება პროდუქციის ასორტიმენტი.

ახალი ფუფუნება

მართალია, კონტინენტურ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთში ან საფრანგეთში დეფიციტი არ არის, მაგრამ ფასებმა იქაც მოიმატა.
ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორი სერგეი პიკინი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ევროკავშირში ენერგორესურსები წესრიგშია, თხევადი აირის მარაგი საკმარისია. პრობლემა ტარიფებია. „დიდ ბრიტანეთში რუსული გაზი არ მიდის. ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს მესამე ქვეყნების, კერძოდ, ინდოეთის მეშვეობით ყიდულობენ. რთული ტრანსპორტირება, ბუნებრივია, საბოლოო მომხმარებელზე აისახება“, – განმარტავს იგი.
რაც შეეხება ბოსტნეულს, უფრო იაფი დაჯდებოდა ჩინეთიდან შემოტანა. „მაგრამ ეს ლოგისტიკის სრულად გადაწყობაა. ვფიქრობ, ბრიტანეთის მთავრობას შეუძლია თავის ფერმერებს დაეხმაროს. საკითხი პრიორიტეტებს ეხება – ფული თავდაცვას მოხმარდეს თუ სოფლის მეურნეობას“, – ამბობს პიკინი.
დამოუკიდებელი ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი აღნიშნავს, რომ ლონდონში არაერთხელ უსაუბრიათ სოფლის მეურნეობის დახმარებაზე, მაგრამ არც ისე ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულა. შარშან დაუშვეს არატოქსიკური პესტიციდების გამოყენება ჭარხლის თესვისას. თუმცა გაზრდილი გადასახადი მინერალური სასუქების იმპორტზე არ გაუქმებულა მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები აგროქიმიკატების სიძვირის გამო ზარალდებიან. გაზის მაღალი ფასი კი მინერალური სასუქების შიდა წარმოების, მეფრინველეობისა და ენერგეტიკაზე დამოკიდებული სხვა დარგების განვითარებას უშლის ხელს.
პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს უკრაინული ხორბლის – დაბალი ხარისხის იაფი პროდუქტის იმპორტის წინააღმდეგ. ისინი ვერ ყიდიან საკუთარ ხორბალს მოსავლის აღებისას არსებულ ფასზე სამჯერ იაფადაც კი. ამის მიუხედავად ევროკომისიამ გააგრძელა საექსპორტო შეღავათები კიევისთვის კიდევ ერთი წლით.

პერსპექტივები

არსებობს გადამუშავებული მწერებისგან დამზადებული პროდუქტებით სასურსათო კრიზისის შემსუბუქების იდეა. ვარშავაში სუპერმარკეტები მომხმარებლებს სთავაზობენ ჭრიჭინებს ფინური კომპანია Griidy-სგან. ევროკავშირში ჭრიჭინები, ფქვილის მატლები დაშვებულია ხორცის ნაცვლად ცილის დანამატის სახით.
მწერებისგან დამზადებულ ფხვნილს ურევენ ხორბლის ნაწარმს, თაფლაკვერს, მაკარონს. ამისათვის საჭიროა სპეციალური მარკირება, ვინაიდან შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. თუმცა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროპელებს ასეთი საკვები სულაც არ მოსწონთ. ბრიტანული გაზეთი Express იუწყება, რომ ყველაზე ლოიალურ ჯგუფშიც კი – 18-დან 24 წლამდე – მწერებისა და კულტივირებული ხორცის გასინჯვისთვის მზადაა მხოლოდ 49 პროცენტი. 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი – მხოლოდ 26 პროცენტი.
„არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ მწერებისგან დამზადებული საკვები დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ფართოდ გავრცელდება“, – ამბობს ლეონიდ ხაზანოვი. მისი სიტყვებით, მოსახლეობა ამისთვის ფსიქოლოგიურად არ არის მზად, კალორიული მწერების დამამზადებელი ფერმები კი სწრაფად არ აღმოცენდება – ეს ბიზნესი არანაკლებ ხარჯიანია, ვიდრე მეფრინველეობა ან მეცხოველეობა. „ბოლოკიც ვერ შეცვლის ჩვეულ ბოსტნეულს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს გარემოს დაცვის მინისტრს: ეს მაინც საკმაოდ სპეციფიკური ძირხვენაა, ბოლოკს არ ურჩევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებს“, – დასძენს ექსპერტი.
ხელისუფლების უმოქმედობა დიდ სირთულეებს მოიტანს: მოსავლის შემცირებას, ფერმერების გაკოტრებას და ფასების ზრდას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე

ყველა ახალი ამბავი
0