მოსაზრება: რუსეთმა დასავლურ ნავთობსანქციებს ხერხით აჯობა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
პოზიტიური განწყობისთვის საკმარისია ბოლო დღეებში წამყვანი დასავლური მასმედიის პუბლიკაციების გაცნობა. მაგალითად, The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე რადიკალური შემზღუდავი ზომების დაწესების შემდეგ რუსეთის ეკონომიკა არათუ არ ჩამოიშალა, არამედ სავსებით ჯანსაღადაა და ვითარდება, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის სპეციალისტების აზრით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა პროფილის 20-ზე მეტ ბაზარს იკვლევს, რუსეთის მენავთობეებმა მშვიდად გადაიტანეს ცალმხრივი გაყრა ევროპასთან და ოპერატიულად გადაერთნენ ახალ კლიენტებზე, კერძოდ, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებზე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა აშშ-ის ზეწოლით აკრძალა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, მიმდინარე წლის თებერვალში კი ზედა ზღვრული ფასების დაწესებასთან ერთად აიკრძალა რუსული წარმომავლობის ნავთობპროდუქტების იმპორტიც.
ანალიტიკური სააგენტო Bruegel აღნიშნავს, რომ 2021 წელს რუსეთში 540 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვეს, რამაც მსოფლიო ბაზრის 13% შეადგინა. აქედან 260 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა. ესეც მსოფლიო ბაზრის 13%-ია. 280 მილიონი ტონა გადამუშავდა ქვეყნის შიგნით, აქედან 130 მლნ ბენზინის, მაზუთის და ზეთების სახით გაიყიდა საზღვარგარეთ (11%), დანარჩენი 150 მლნ კი შიდა მოთხოვნილებას მოხმარდა.
ძველი საექსპორტო სქემით, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 60%-ს ევროკავშირი ყიდულობდა. საერთო მოცულობის დათვლა მარტივია. ტანკერებით ევროკავშირის პორტებში საშუალოდ ყოველთვიურად მიდიოდა 6,3 მილიონი, ნავთობსადენებით კი - 3,2 მილიონი ტონა ნედლეული. მეორე მთავარი მყიდველი იყო ჩინეთი, რომლის იმპორტის მაჩვენებელი შეადგენდა 4,1 მლნ და 2,5 მლნ ტონას. ზღვრული ფასების დაწესების, იმპორტის და საზღვაო ხომალდების დაზღვევის აკრძალვის შემდეგ ანალიტიკოსები თანხმდებოდნენ, რომ რუს გამყიდველებს სხვა არაფერი დარჩებოდათ, გარდა იმისა, რომ ნავთობი ჩინეთში, ინდოეთში და აზიის სხვა ქვეყნებში დიდი ფასდაკლებით გაეყიდათ.
თუმცა რეალობამ ყველა გააკვირვა. ცნობილია, რომ მაროკომ 2021 წელს 600 ათასი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინა, ხოლო 2023 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწია. Kpler-იც დარწმუნებულია, რომ თებერვლის ბოლოსთვის მაროკოელები კიდევ 1,2 მლნ კასრს იყიდიან. ბაზრის ანალიზი ალჟირსა და ეგვიპტეშიც ანალოგიურ ტენდენციებზე მიუთითებს. ტუნისმა, რომელიც განვითარებულ ქიმიურ მრეწველობას ფლობს და ნავთობის საფუძველზე სხვადასხვა სახის პოლიეთილენს, პლასტიკსა და პლასტმასს ამზადებს, იანვარში 2,8 მლნ ბარელი რუსული ნავთობი შეიძინა, თებერვალში – 3,1 მლნ ბარელი.
უეცრად აღმოჩნდა, რომ რუსეთი ფლობს არა მხოლოდ საკუთარ ტანკერების ფლოტს (არცთუ ისე დიდს), არამედ მეგობარი ქვეყნების ნავთობის გადამზიდ ხომალდებსაც, რომლებსაც ბალტიის ზღვის პორტებიდან ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირომდე გაცილებით მოკლე მანძილის გავლა უწევთ, ვიდრე ჩინეთამდე თუ სინგაპურამდე. ანუ დასავლეთის მოლოდინი, რომ აზიაში უალტერნატივო გაყიდვა მნიშვნელოვნად დააგრძელებდა და გაართულებდა ლოგისტიკას და ხარჯს გაზრდიდა, წყალში ჩაიყარა.
აქვე აღსანიშნავია Bloomberg-ის სტატიაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრძოლა რუსულ ნავთობთან წაგებულია თითქმის ყველა ფრონტზე, თანაც ამაში დამნაშავე არა მხოლოდ რუსები, არამედ მისი პარტნიორებიც არიან, რომლებიც ვაშინგტონს ყოველდღე ერთგულებას ეფიცებიან. ჟურნალისტებმა კომპლექსური გამოძიება ჩაატარეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ ზღვებითა და ოკეანეებით ნავთობის ტრანსპორტირების სქემა გამართულად მუშაობს, რუსული ნავთობი ტანკერებიდან სხვა ტანკერებში ისხმება და იცვლება სატრანსპორტო დოკუმენტები. ორი ასეთი „ფაბრიკა“ 24 საათი მუშაობს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან და ხელის მარჯვე მოძრაობისა და ქაღალდებით ჟონგლიორობის წყალობით რუსული ნავთობი კვლავ დიდი ნაკადით მიედინება ტრადიციულ ბაზრებზე.
კიდევ ერთი პრობლემა, ყველაზე სახიფათო და ფარული, ისაა, რომ ევროპა თავადაც განაგრძობს რუსული ნავთობის, მაზუთისა და ბენზინის იმპორტს. ამ მიზნით სანქციების დაწესებისას სპეციალურად დატოვეს ხვრელი, რომლის მეშვეობითაც, თუ რუსულ ნავთობს ნებისმიერი პროპორციით შეურევენ შავ ოქროს სხვა ქვეყნიდან, ეს არ ჩაითვლება დარღვევად. ნავთობის შეძენა ამ შემთხვევაში სავსებით კანონიერი იქნება.
გარკვეული დროის წინ გავრცელდა პოლიტიკური ანეკდოტი: რომელ კავშირშიც არ უნდა გაწევრიანდეს უკრაინა, ის მას აუცილებლად დაშლის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0