საეკლესიო კალენდარი: 1 მარტი

საფარის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 მარტს მესოპოტამიელ ეპისკოპოსს ღირს მარუთას, ასევე მოწამეებს - პამფილე ხუცს, ვალენტი დიაკონს, პავლეს, პორფირიოსს, სელევკის, თეოდულესს, ივლიანეს, სამოელს, ელიას, დანიელის, იერემიას და ესაიას იხსენიებს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მესოპოტამიელი ეპისკოპოსი მარუთა
მარუთა ეპისკოპოსი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II (381წ.) და მესალიანების წინააღმდეგ მიმართულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში (383წ.). 403-404 წლებში წმიდანი ორჯერ შეხვდა იმპერატორ არკადის, სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი ამცნო და დახმარება გამოითხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ღირსი მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის საზავო ხელშეკრულების დადებაზე მოსალაპარაკებლად.
414 წელს მარუთა იეზდიგერდის კარზე ელჩად მსახურობდა, მან კეთილგანაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და დიდად შეუწყო ხელი სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებას. იგი აღადგენდა საპორის დროინდელ დევნულობისას დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებს, გამოითხოვა წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მიტროპოლში (ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახლოებით 422 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის სკიტის მონასტერში დააბრძანეს.
პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი
პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი დიოკლეტიანეს მიერ 308-309 წლებში გაჩაღებულ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ პალესტინის კესარიაში.
მეტეხი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 28 თებერვალი
პამფილე ქალაქ ბირითში (ბეირუთი) დაიბადა და განათლება ალექსანდრიაში მიიღო, რის შემდეგაც ხუცესად აკურთხეს კესარიაში. მან ბევრი იღვაწა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის წიგნების შეჯერებისა და შესწორებისათვის. საბოლოო, დადგენილ ტექსტებს წმიდანი იწერდა და მსურველებს უგზავნიდა. მან ჭეშმარიტ სჯულზე მოაქცია მრავალი წარმართი. მისი შრომითა და მონდომებით კესარიაში სასულიერო წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული განათლების გავრცელებას. წმიდა პამფილეს ქმედითად ეხმარებოდნენ წმიდა წერილში ღრმად განსწავლული მოხუცი დიაკონი ვალენტი და ქრისტეს სიყვარულითა და სასოებით ანთებული წმიდა პავლე. პალესტინის კესარიის მმართველმა ურბანმა 2 წლით სამივენი საპყრობილეში გამოამწყვდია, მისმა მემკვიდრემ, ფირმილიანემ კი გაასამართლა ისინი და კილიკიის (მცირე აზია) ოქროს საბადოებში სამუშაოდ გაგზავნა 130-მდე სხვა ქრისტიანთან ერთად. წმიდანებს დევნულობის ადგილამდე ხუთი ქრისტიანი ძმა მიაცილებდა. გამობრუნებისას, კესარიაში, ისინი ქრისტეს აღსარებისათვის დააკავეს და დაატუსაღეს. სამსჯავროზე პამფილეს, ვალენტისა და პავლესთან ერთად წარმდგარმა ჭაბუკებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების - ილიას, იერემიას, ისაიას, სამოელის და დანიელის სახელით გააცნეს მსაჯულს თავი და განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ, რაშიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ. ფირმილიანს არაფერი გაეგონა ამგვარი ქალაქის შესახებ, რადგან იერუსალიმი იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს უკვე დანგრეული იყო და მის ადგილას იმპერატორ ადრიანეს (117-138) ელიადრიანედ წოდებული ქალაქი აეშენებინა. ფირმილიანი დიდხანს აწამებდა ჭაბუკებს, ცდილობდა, უცნობი ქალაქის ადგილმდებარეობა დაეცდევებინა მათთვის და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგანაც გადაედრიკა. მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, ხუთივეს თავი მოჰკვეთა პამფილესთან, ვალენტისთან და პავლესთან ერთად.
მათ წამებამდე პამფილე ხუცესის 18 წლის მსახური, პორფირე აღესრულა მოწამეობრივად. სიმშვიდითა და მორჩილებით გამორჩეულმა ყმაწვილმა როცა შეუტყო, რომ აღმსარებლებს სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, განაჩენის აღსრულების შემდეგ მათი ცხედრების დაფლვის ნებართვა ითხოვა, რისთვისაც მოაკვდინეს და ცეცხლში დაწვეს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
საეკლესიო კალენდარი - 27 თებერვალი
მისი ღვაწლით აღფრთოვანებული კეთილმსახური ქრისტიანი სელევკიუსი, ყოფილი მეომარი, სასიკვდილოდ გამზადებულ პამფილესთან მივიდა და პორფირეს ნეტარი აღსასრული ამცნო. ამისთვის წმიდანი მაშინვე შეიპყრეს და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად მოკლეს.
ერთმა მმართველის მსახურთაგანმა, უკვე ხანშიშესულმა, ფარულმა ქრისტიანმა თეოდულემ დასასჯელად გადაყვანის წინ გადაკოცნა მარტვილები და სთხოვა, ელოცათ მისთვის, რისთვისაც ჯვარს აცვეს.
კაბადოკიელმა ჭაბუკმა იულიანემ კესარიის მახლობლად მხეცების საჯიჯგნად მიმოფანტული მოწამეთა წმიდა ცხედრების წინაშე მუხლი მოიყარა და ეამბორა მათ. მეომრებმა შენიშნეს ღვთისმოყვარე ახალგაზრდა, დააკავეს და, ფირმილიანის ბრძანებით, ცეცხლში გამოწვეს. ქრისტეს ტარიგთა გვამები 4 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ეყარა, მაგრამ არც მხეცები და არც ფრინველები არ გაჰკარებია მათ. ამ სასწაულით შეძრწუნებილმა წარმართებმა ნება დართეს ქრისტიანებს, წაესვენებინათ და მიწისთვის მიებარებინათ წმიდა ნაწილები.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0