ოხანაშვილი: საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ტაბუირება მიუღებელია

© photo: Sputnik / Stringerანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
დეპუტატი მოუწოდებს სხვებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის ტაბუირება დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს.

„აპრიორში რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის. დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო განხილვისას ყველას ექნება აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. არ მგონია, ვინმეს რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს ეს პრინციპი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, აღნიშნა მან.
„დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელმაც უკვე განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მოცემულობები და საკუთარი მოსაზრებები აქვს. ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს და როცა დასკვნა გვექნება, ღიად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ

„ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის ორივე ვერსიის პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარდაჭერა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, „ხალხის ძალის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, იგი ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურისა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის კრიტიკის ობიექტი გახდა.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0