კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ: პარლამენტმა ამერიკული ვერსია დაარეგისტრირა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
ალტერნატიული კანონპროექტის თანახმად, უცხოელი აგენტი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ამერიკული კანონის ასლია.
პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. ამის მიუხედავად, მან ოპოზიციის, პრეზიდენტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისა და გაეროს მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
კრიტიკოსებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტში დაინახეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა, დეპუტატებმა, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“, გადაწყვიტეს ამერიკული კანონპროექტის გადმოღება და მისი ინიციირება.
„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით, შემდეგ კი მის ვენეციის კომისიაში გაგზავნას შესაფასებლად. ვენეციის კომისია - არის ევროპის საბჭოსთან მოქმედი საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო.
ორ კანონპროექტს შორის განსხვავება ის არის, რომ პირველის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი. ამასთან, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, როგორც კანონის უცხოურ ანალოგებშია. ტერმინ „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკის მატარებელია.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, ამერიკული კანონპროექტის ქართული ვარიანტი იმ მიზნით დარეგისტრირდა, რომ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდეს, ეს ორი კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენებზე ერთმანეთს შეადაროს და დარწმუნდეს, რამდენად სჯობს თავდაპირველი ვარიანტი.
მისი თქმით, კანონპროექტს კენჭს ივნისის ბოლოს უყრიან.

კონტროლი ამერიკულად

პარლამენტში ინიციირებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოელი აგენტი არის ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება.
უცხოური ძალის აგენტი, რომელიც უცხოური ძალის ინტერესთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფოსტის ან სხვა საშუალების გამოყენებით აგზავნის, ვალდებულია ამ ინფორმაციის გაგზავნიდან არაუგვიანეს 48 საათისა იგივე ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურორს წარუდგინოს.
უცხო ძალა არის:
უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია;
საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს;
იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს;
უცხოური ძალის აგენტია:
უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:
უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;
უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;
წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს.
უცხოური ძალის აგენტად ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ზემოხსენებულ ქმედებას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე ნებისმიერი პირი, ვინც თავს უცხოური ძალის აგენტად წარმოაჩენს.
უცხოური ძალის აგენტად არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ.
მოთხოვნები უცხოელი აგენტების მიმართ:
ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს გენერალურ პროკურორს ამ კანონით დადგენილი წესით განცხადებით მიმართოს.
განაცხადი უნდა შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ მონაცემები; იურიდიული პირის ან სხვა სახის გაერთიანების სახელწოდება, ინფორმაცია დამფუძნებელსა და ხელმძღვანელზე, ასევე წესდება. წარდგენილი უნდა იყოს ასევე ორგანიზაციის თანამშრომელთა ჩამონათვალი.
გარდა ამისა: ინფორმაცია უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე უცხოური ძალის მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ;
ინფორმაცია უცხოურ ძალასთან გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები;
დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა უცხოური ძალისგან მიიღო.
მთელი ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. მასთან გაცნობის წესებს გენერალური პროკურორი ადგენს.
ეს მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) დიპლომატებსა და კონსულებზე, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე;
ბ) უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებზე;
გ) პირზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა;
დ) პირზე, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა;
ე) უცხოური ძალის ადვოკატზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში;
ასევე, მოთხოვნები არ ვრცელდება აგენტებზე, რომლებიც ეწევიან ლობისტურ საქმიანობას და რეგისტრირებულნი არიან „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0