ასობით მილიონი დოლარი: დათვლილია ქართველი მეზღვაურების ყოველწლიური შენატანები ეკონომიკაში

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
ქართველ მეზღვაურებს უკვე 72 საზღვაო დროშით მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. გასულ წელს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა, ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 17 ათასი რეგისტრირებული მეზღვაურია და მათ ქვეყნის ეკონომიკაში 200 მლნ დოლარი შემოაქვთ ყოველწლიურად.
„2012 წელს ჩვენ გვყავდა 8 ათასი აქტიური მეზღვაური, დღეს უკვე აქტიური საბუთებით გვყავს დაახლოებით 17 ათასი მეზღვაური და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ესენი არიან სერვის ექსპორტიორები, რომლებიც ქვეყნის გარეთ ეწევიან სამსახურს“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება და მსოფლიოს 72 ქვეყანა უკვე აღიარებს ქართულ სერტიფიკატებს, მათგან 20 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.
„ქართველი მეზღვაურებით უკვე ინტერესდებიან პრემიუმ კლასის გემთმფლობელები. ჩვენ ვართ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების კუთხით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის თეთრ სიაში“, - განაცხადა მან.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მტკიცებით, სახელმწიფო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს მეზღვაურთა განათლებასა და სერტიფიცირებაში. მხოლოდ ინფრასტრუქტურაში მთავრობამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 30 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მეზღვაურების განათლების გაუმჯობესებაზე, რათა მათ სამუშაოს პოვნა გაუადვილდეთ. საქართველოში ამჟამად ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლებიც საზღვაო საქმის პროფესიონალებს ამზადებენ.
საზღვაო განათლება დაყოფილია სამ ეტაპად. ამასთან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს სასწავლო გეგმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. თავად მეზღვაურებს ევალებათ, ხუთ წელიწადში ერთხელ გაიარონ გადამზადების სავალდებულო კურსი.
ყველა ახალი ამბავი
0