„ალმასის პერანგი“: როგორ იმარჯვებდნენ ქართველები დიდ მტრებთან ომებში

© courtesy of Vano Pitskhelauriქართველი მხედარი
ქართველი მხედარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
ოდითგანვე ასე იყო, მუდამ მრავალრიცხოვან მტერთან უხდებოდა ჭიდილი ქართველ კაცს. მართალია, სიმამაცე არ გვაკლდა, მაგრამ მარტო სიმამაცით ვერაფერს გავხდებოდით, რომ არა მთელი რიგი ფაქტორები, რაც მართლაც საკვირველ და ძნელად დასაჯერებელ გამარჯვებებს განაპირობებდა.
ზეადამიანური გმირობა, თავგანწირვა, ფანატიზმამდე მისული რწმენა უფლისა, რელიეფს მორგებული საბრძოლო ტაქტიკა და სტრატეგია, იარაღის ოსტატური ფლობა, დახვეწილი საბრძოლო ხელოვნება... ეს და ბევრიც სხვა იყო ის, რითიც ქართველთა ლაშქარი უთანასწორო ბრძოლებში იმარჯვებდა.
მაგალითად:
ასპინძის ბრძოლაში (1770 წლის 20 აპრილს) ერეკლე მეორემ და ქართველებმა სულ 25 კაცი დაკარგეს, ხოლო ოსმალებმა 8-ათასიანი არმიიდან — 6 ათასი! ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, ცხენები და დიდძალი იარაღი.
1625 წელს მარაბდის ველზე მოპოვებულმა გამარჯვებამ გაათამამა თბილისის ციხეში ჩაკეტილი ყიზილბაშები. 700 ყიზილბაში გამოვიდა სათარეშოდ და ახლომახლო სოფლებს შეესია. ლისი აიკლეს საგანგებოდ — სააკაძის საუფლო სოფელი. 60 კაცით მიეჭრა სააკაძე და შვიდასივე ყიზილბაშის თავი ისე დააგორა, არცერთ ქართველს განაკაწრიც არ მიუღია.
მემატიანეს 1301 წელს მომხდარი ერთი ამბავი აქვს აღწერილი: მანდატურთუხუცეს ბექასთვის ტყვე თურქებს უცნობებიათ, აზატ-მოსე 30 ათასი მხედრით წავიდა ვაშლოვანს, „40 ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს, ხვალე ან ზეგე მოვალსო“. ბექას სანდო ცნობად მიუღია ტყვეთა ნათქვამი და ლაშქრის ერთი ნაწილი თავისი ძე სარგისის მეთაურობით დაუდევნებია აზატ-მოსესთვის.
ვაშლოვნის მთასთან წამოსწევია სარგისი თურქებს. დადევნებული მცირე ლაშქარი რომ დაუნახავთ, ფრიად გაჰკვირვებიათ მომხდურებს, „რამეთუ იყვნეს მესხი ხუთასი, ხოლო თურქნი ოცდაათი ათასი“. მოუბრუნებიათ ცხენები და შეტევაზე წამოსულან. ეგონათ, ერთიანად გაწყვეტდნენ მდევარ მესხებს. მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც თურქებს ეგონათ.

„მხედარნი სარგისისნი ზედა მიეტევნეს უშიშრად, ხოლო სარგის წინა განეწყო და სპანი მისნი მეტევნეს მხნედ. იქმნა ომი სასტიკი. და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი სივლტოლად და იოტნეს ძლიერად“.

ბრძოლის ველზე დარჩა დაღუპული ხუთას ცამეტი თურქი და ხუთი ქართველი!
***
ირანის ქალაქ მარანდისათვის გამართულ ბრძოლებშიც იგივე მოხდა: ზაქარია მხარგრძელმა ხუთასი რჩეული მხედარი გაგზავნა მთებში შემალულ მარანდელთა დასაზვერად. და როცა იხილეს ქართველთა სიმცირე, თამამად შემოუტიეს მათ ქართველთა რაზმს. მაგრამ პირველივე შეტაკების შემდეგ უკუიქცნენ მარანდელები...
ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, როცა მხარგრძელი ძირითადი ჯარით მივიდა შეტაკების ადგილზე. და იხილა სარდალმა, რომ:

„არცა ერთი კაცი მომკვდარიყო ქართველი და ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა, ხუთასივე ცხენისა და კაცისათვის შეეცა და ხუთასსა ზედა დასობილ იხილეს“.

ანუ ცხედრებით მოფენილ ველზე მხოლოდ მარანდელები იწვნენ შუბებით გულგანგმირულები, დაცემულთა შორის ერთიც არ იყო ქართველი.
***
მრავალრიცხოვან არმიებთან ბრძოლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორად შერჩეულ საბრძოლო არეალს, საქართველოს მთაგორიან რელიეფს მორგებულ ტაქტიკას: მთებიდან მოულოდნელ თავდასხმებსა და ჩასაფრებას, ქვეითი შუბოსნების, მშვილდოსნებისა და სხვა შენაერთების დროულ მანევრირებას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია დიდგორის ბრძოლა, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს გარდავიხადეთ ქართველებმა.
დავით აღმაშენებელი ბრძოლისთვის უკეთეს ადგილს ვერც ინატრებდა. ბუნებრივი პირობები გამორიცხავდა მტრის ქართველთა ზურგში გამოჩენას და, რაც მთავარია, მცირერიცხოვან მობილურ არმიას მეტი ლავირებისა და მანევრირების საშუალება ეძლეოდა.
ილ-ღაზის ურიცხვი ლაშქარი კი ვიწროებში გაიჭედა და ბრძოლის საწარმოებლად სივრცე წაერთვა. ვერ გამოიყენეს სელჩუკებმა რიცხობრივი უპირატესობა, ქართველებმა ძლევამოსილ გამარჯვებას მიაღწიეს.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ლეგენდარულ ბრძოლას მხოლოდ ორასამდე ქართველი შეეწირა.
გადმოცემით, მეფე დავითის ბრძანებით, ყველა დაცემული ქართველი მეომრისთვის ერთი დიდი საფლავი გაუჭრიათ, ერთად მიუჩენიათ უკანასკნელი სამკვიდრებელი. ცოცხლად დარჩენილ ყოველ მებრძოლს თითო მუჭა მიწა მიუყრია გმირთა საფლავისთვის და ასე დამდგარა იქ დიდი გორი.
***
დავით III კურაპალატმა ქალაქ მანასკერტის აღების შემდეგ იქიდან არაბები განდევნა და მათ ნაცვლად ქართველები და სომხები დაასახლა. დავითის წინააღმდეგ 100-ათასიან არმიას მოუყარეს თავი არაბებმა, რომელსაც მამლანი უსარდლეს.
998 წელს გამართულ ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი. ბევრმა ქართველმა ისახელა მაშინ თავი, განსაკუთრებულად კი მესხმა ძმებმა გამრეკელებმა. გაქცეულ მტერს ხლათიდან არჭეშამდე უდანაკარგოდ სდიეს ქართველებმა. დავითის სამეფოს საზღვრებმა ვანის ტბამდე გადაიწია.
***
მურვან ყრუმ ცეცხლითა და მახვილით გაიარა თითქმის მთელი საქართველო და ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ქართლის ერისმთავარი მირი და მისი ძმა არჩილი აფარებდნენ თავს.
მტერთან ბრძოლაში აფხაზეთის მთავარი ლეონი დაეხმარა მაშინ ქართლის ერისმთავარს და მარცხიც აგემეს არაბებს: მურვანის ლაშქრიდან 3 ათასი მებრძოლი დაეცა, ხოლო ქართველთა გაერთიანებული ჯარიდან — მხოლოდ 60!
საქართველოში, რომელიც გამუდმებით ბრძოლებში იყო, სირცხვილად მიიჩნეოდა სამხედრო საქმის არცოდნა. ამიტომ გლეხიცა და აზნაურიც სამხედრო საქმეში ერთნაირად კარგად იყო გაწაფული. აღარაა საუბარი მეფეებსა და უფლისწულებზე, რომლებიც ენით აუწერელ საოცრებებს სჩადიოდნენ.
იქნებ იმიტომ, რომ სპეციალურ იდუმალ ცოდნასაც კი ფლობდნენ, მაგალითად ისეთს, როგორიცაა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი არსებითი ნაწილი – „ალმასის პერანგი“. როგორც ამბობენ, ეს სპეციალური ვარჯიშების კრებულია, რომლითაც ადამიანი ხვეწს უნარს, შექმნას თავის გარშემო ენერგეტიკული ფარი — გაურღვეველი რკინისთვისაც და ცეცხლისთვისაც.
ყოველ შემთხვევაში, მემატიანე ასე აღწერს ქართველთა მეფე მირიან I-ის ბრძოლას:

„იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, ხოლო მირვანს ვერ კვეთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა იდგა უძლავად, ვითარცა კოშკი მტკიცე“.

***
დღემდე ლეგენდად რჩება პატარა კახის, ერეკლე მეორის ხმლის სისწრაფის ამბავი. როცა ასპინძის ბრძოლაში ლეკთა ბელად კოხტას კისერში გამოუსვა ხმალი, ამ უკანასკნელის მოკვეთილი თავი ისევ მხრებზე იდო და „დამაცილე, გიაუროო“, დაძახებაც კი მოასწრო, მხოლოდ ამის შემდეგღა განეშორა პატრონის ტანს.
***
პართიელებთან გამართულ ერთ-ერთ ბრძოლაში იბერიის მეფე ფარსმან II-მ ბუმბერაზთა შერკინებებში 17 ნარჩევი პართიელი დასდო ბეჭებზე. მათ შორის ვინმე ჯუმბერი, რომელსაც ლომი ჰყოლია ხელით დაჭერილი.
აღარას ვამბობთ იმ ცნობილ ფაქტზე, თუ როგორ მოხიბლეს ფარსმანმა და მისმა იბერიელებმა საბრძოლო მომზადებით რომის იმპერატორი ანტონიუს პიუსი, რომელმაც მარსის მოედანზე ქართველთა მეფის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დაადგმევინა.
იმ შესანიშნავი საბრძოლო სპექტაკლის ფინალში თვით ქართველთ მეფე გამობრძანდა მხედრული ოსტატობის საჩვენებლად. ბრძანა, სარებზე ჩამოეცვათ ოცამდე გოგრა. მერე ცხენი გააჭენა და ელვის სისწრაფით დაჭრა ისინი შუაზე ისე, რომ ყველა გოგრა უძრავად დარჩა ადგილზე. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებით ათვალიერებდა მახვილის ოდნავ შესამჩნევ კვალს გოგრებზე.
***
XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა სახალხო გმირი შეთე გულახაიძე, რომელსაც მხოლოდ ორთაბრძოლებში 300 მომხდური ჰყავდა მოკლული.
გადმოცემის თანახმად, უკვე ხანდაზმული შეთე თურმე პირდაპირ კი არ ეკვეთებოდა მტერს, არამედ წინმალაყით თავზე გადაევლებოდა ხოლმე პირველ რიგს და იქ დაბზრიალდებოდა ორი ხმლით. შეთე ამას პრაქტიკული მოსაზრებით სჩადიოდა: მტერს ზაფრასაც სცემდა და მისიანებსაც ამხნევებდა უჩვეულო სიყოჩაღით.
არსებობს ცნობები, რომ ამ საბრძოლო ილეთს იყენებდნენ დავით აღმაშენებლის მეომრებიც. „მფრინავი“ ქართველების ხილვით შეძრწუნებული მტერი პანიკაში ვარდებოდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უქრებოდა.
ამადაც, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ იმარჯვებდა ხოლმე პატარა საქართველო დიდ მტრებთან ბრძოლებში.
ყველა ახალი ამბავი
0