საქართველოს პრეზიდენტი კიევში არ მიიწვიეს

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
ზურაბიშვილის თქმით, მიწვევა მიიღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, თუმცა მათ უარი განაცხადეს უკრაინაში გამგზავრებაზე.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სურდა უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად კიევში გამგზავრება, მაგრამ ის არ მიიწვიეს.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ხალხის, პირადად ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის სახელით სადაც და რა ფორმატშიც ეს შესაძლებელი იყო, უკრაინას გამოვუცხადე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან დროულად გამოთქვა მზადყოფნა გამგზავრებულიყო უკრაინაში, მაგრამ მიწვევა არ მიუღია.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, მაშინ პრეზიდენტი დღეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო კიევში. მე გამოვხატე ამის სურვილი დროულად. სამწუხაროდ, მოწვევა არ მიმიღია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადის მიწვევაზე უარი განაცხადა>>>
მისი თქმით, მიწვევა მიიღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა, თუმცა მათ უარი განაცხადეს უკრაინაში გამგზავრებაზე.
„ვწუხვარ, რომ ამის შედეგად კიევში მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ არიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ასევე შეეხო ომის თემას.

„ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს დახმარების გაწევის ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ბევრად უფრო ძლიერები არიან და რომელთა უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზეა გამოხატული, აუცილებელია „უფრო მტკიცედ დავიცვათ ჩვენი პრინციპები“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტს უკრაინის რადისგან ოფიციალური მიწვევა არ მიუღია, იყო მხოლოდ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთა დონეზე კომუნიკაცია. გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან უარის არგუმენტად დაასახელა „დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ".
უფრო მეტიც, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებებიდან და მოწოდებებიდან გამომდინარე – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე – დიპლომატიური ურთიერთობისთვის სივრცე აღარ რჩება.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0